ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.
კურტევი ამბობს, რომ რუსების მიერ გასროლილი რაკეტები მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა. მისი თქმით, იერიშს წინ უძღოდა განგაშის სირენების ხმა, რომელიც დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში ისმოდა. საჰაერო განგაშის დროს ხელისუფლებამ მოსახლეობას თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ Telegram არხზეც გამოაქვეყნა ზაპოროჟიეს დაბომბვის ამსახველი ვიდეო მასალა და დაწერა, რომ მსოფლიოს უფრო ძლიერი ერთიანობა და სიმტკიცე სჭირდება რუსული ტერორის დასამარცხებლად.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი საომარ ზონაში კიდევ ერთხელ ჩავიდა. ის ბახმუტსა და კრამატორსკში იმყოფებოდა, სამხედროები დააჯილდოვა და სამშობლოს დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.