
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოსთან დაკავშირებით პირველი საჯარო განცხადება გააკეთა.
რუბიო სიტყვით გამოდიოდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მას შეკითხვა დაუსვა კონგრესმენმა ჯო უილსონმა — რესპუბლიკელმა კანონმდებელმა და „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა.
"გმადლობთ თქვენ ლიდერობისა და წინდახედულობისთვის, რომ ასე სწრაფად დაინახეთ, რაც საჭირო იყო გაკეთებულიყო.
ასევე მადლიერი ვარ ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცე პოზიციისთვის ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით საქართველოს რესპუბლიკაში.
მათ გააყალბეს არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს. ამერიკასთან კავშირის კრიმინალიზება მოახდინეს. ამერიკული კომპანიები გააძევეს, დაბლოკეს ვაჭრობა და მინერალებზე წვდომა შუა დერეფანში და საქართველო გადასცეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას.
მრავალჯერ გაავრცელეს შეურაცხმყოფელი განცხადებები პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკელი ლიდერების წინააღმდეგ.
ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებით მადლობელი ვარ, რომ „რონდელის ფონდის“ მიერ ახლახან გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც ადასტურებს, რომ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ახლა უკვე აქვს გავლენა საქართველოს რესპუბლიკაში. მსურს ეს დოკუმენტი ოფიციალურ მასალად ჩავთვალოთ.
გარდა ამისა, 200-ზე მეტი დღის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოდიან ქუჩაში, ამერიკის დროშებში გახვეულები და პრეზიდენტის ფოტოებით.
თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ფასის გადახდა მოითხოვოს ანტიამერიკული „ქართული ოცნებისგან", - განაცხადა უილსონმა.
ამ შეკითხვას რუბიომ უპასუხა, რომ ანტიამერიკულ მთავრობებს შესაბამისი ხარჯების დაკისრება ელით:
"როგორც ჩემს საწყის განცხადებაში ვთქვი, ამერიკის მიზანი ჩვენს ეროვნულ ინტერესებში მდგომარეობს.
ჩვენ ამას ასე ვუდგებით – არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესების ფარგლებში, რომ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონში ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს ქვეყანას?
და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.
ამ ეტაპზე საკითხი განხილვის პროცესშია და ვეძებთ დამატებით შესაძლებლობებს. დღეს კონკრეტული განცხადება არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს საკითხი აქტიურად განიხილება.
და კიდევ ერთხელ, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ ვეყრდნობით ჩვენს რეგიონალურ ბიუროებსა და ადგილზე მყოფ ოფისებს – იმის გასარკვევად, რა ზომებზე რეაგირებს ყველაზე მეტად ეს ანტიამერიკული მთავრობა", - განაცხადა რუბიომ.