აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის მიერ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს.
მისივე თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრიორიტეტი იქნება.
"გვსურს, რომ ომი დასრულდეს - ეს ნათელია. პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ სურს იყოს პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას ხელს შეუწყობს და კონფლიქტებს დაასრულებს. ვადების დადგენა არ შემიძლია, თუმცა ვიტყოდი, რომ როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტს ასრულებ, რომელთაგან თავიანთ მაქსიმალურ მიზნებს ვერცერთი ვერ აღწევს, მაშინ რაღაცის დათმობა ორივე მხარეს მოუწევს.
ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, თუმცა ეს ომი უნდა დასრულდეს. საბოლოო ჯამში, ეს საგარეო პოლიტიკის სირთულეს წარმოადგენს" - განაცხადა რუბიომ.
შეერთებული შტატების სენატმა მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა - 99 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი.