გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი ქართული ოცნების მიერ ევროპელი სოციალისტების გაერთიანების (PES) დატოვების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებას აღმაშფოთებელს უწოდებს.
როთის თქმით, PES-ის იდეოლოგიური ტრანსფორმაცია არ მომხდარა და "სამწუხაროდ, ქართული ოცნება არ არის ევროპული ოცნება".
"აღმაშფოთებელია! არ არსებობს PES-ის "იდეოლოგიური ტრანსფორმაცია". სოციალური დემოკრატია ყოველთვის და ყველგან თავისუფლების, ადამიანის უფლებების, სამართლის ერთგულია! სამწუხაროდ, ქართული ოცნება არ არის ევროპული ოცნება" - წერს როთი.
Outrageous! There’s no “ideological transformation”of @PES_PSE. Social democracy is always and everywhere committed to freedom, human rights, justice! Unfortunately the @GeorgianDream41 isn’t a European dream. https://t.co/PQfLwO8ao3
4 მაისს ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში იმყოფებოდა, სადაც კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.
უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დაგმო ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) და აღნიშნა, რომ PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც "აუცილებელი ნაბიჯია".
8 მაისს, სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ აღნიშნა, პოლიტიკურ გაერთიანებაში ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა და ოცნებას არავინ უჭერს მხარს. მისივე თქმით, გაერთიანებაში უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
11 მაისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოცნება ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გარიცხვამდე ტოვებს. აქედან გამომდინარე, ოცნებას ევროპარლამენტში მოკავშირე პოლიტიკური ძალა ოფიციალურად აღარ ეყოლება.
კობახიძის თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთობლივად მიიღეს.
კობახიძემ PES-ის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად "ევროპის სოციალისტური პარტიის ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია" დაასახელა, რაც, მისი თქმით, "მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე როგორც ქართული საზოგადოების ხედვებთან".
თავად ირაკლი ღარიბაშვილმა კი თქვა, რომ PES-მა მისი გამოსვლა "ანტი-LGBT ფრაზები გამოყენების გამო" დაგმო.
"უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ესეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ - კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყონ, წარმატებას ვუსურვებ" - თქვა ღარიბაშვილმა.