საქართველოს ეროვნული მუზეუმი საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციიდან 2008 წლის ომთან დაკავშირებული მასალის ამოღებას პოლიტიკური განცხადებით ეხმაურება.
ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ მუზეუმის გამოფენიდან 2008 წლის აგვისტოს ომის თემატიკა ამოღებული არაა.
მათი თქმით, ერთ ვიდეოკოლაჟში "გარდაქმნას საჭიროებს" ის ნაწილები, რომლებიც "მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და სხვათა პოლიტიკური საქმიანობის რეკლამას წარმოადგენდა".
სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოქვეყნებულ ამ პოსტზე ეროვნულ მუზეუმს მოქალაქეებისთვის კომენტარის დატოვების ფუნქცია შეზღუდული აქვს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება:
"საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეხმიანება საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიციაში 2008 წლის ომთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ და უპასუხისმგებლო ინფორმაციას.
კერძოდ, ზოგიერთ მედიაში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის გამოფენიდან ამოღებულია დოკუმენტური მასალა, რომელიც ეხებოდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს.
სინამდვილეში, გამოფენიდან 2008 წლის აგვისტოს ომის თემატიკა ამოღებული არ არის და ვერ იქნება. რაც შეეხება ერთ კონკრეტულ ვიდეოკოლაჟს, გარდაქმნას და განახლებას საჭიროებს მისი ის ნაწილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და სხვათა პოლიტიკური საქმიანობის რეკლამას წარმოადგენდა, ასევე, განახლებას ექვემდებარება შესაბამისი აპარატურაც. მოცემული პროცესი ამჟამად მიმდინარეობს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი აგრესია წარმოჩენილი იყოს არა იმ პოლიტიკოსების რეკლამისათვის, რომლებიც, წლების განმავლობაში, ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვეს, არამედ ასახავდეს რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის რეალურ ფაქტებს, ახალ თაობას აცნობდეს ქართული ჯარისა და ქართველის ხალხის გმირობის ფაქტებს და, ასევე, შეესაბამებოდეს ქართული ჯარისა და სახელმწიფოს სამართლებრივ ინტერესებს” - წერია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.