გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ფიქრობს, რომ კირბალზე გაკეთებული განცხადების გამო საბოდიშო არაფერი აქვს. დღევანდელ განცხადებაში ის ისევ ამტკიცებს, რომ სახელმწიფო მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად "ყველაფერს აკეთებს".
რაზმაძის კვლავ იმეორებს, რომ არის შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეები შეგნებულად "ხშირად ნასვამ მდგომარეობაში გადადიან" ე.წ. სადემარკაციო ხაზს იქით და ასეთ დროს, ადამიანი "არაადეკვატურია".
"ყველას შეუძლია ამოიღონ ჩემი საუბარი ჟურნალისტთან, სადაც მე საერთოდ არ ვახსენებ ბატონ თამაზ გინტურს, უბრალოდ აღვნიშნავ, როცა ჟურნალისტი მეკითხება, რომ ხშირად არის შემთხვევა როცა მოსახლეობა იძახის, რომ ჩვენ დაუცველები ვართ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, არის ყველგან საგუშაგოები განთავსებული, უბრალოდ არის რაღაც მომენტები,როცა გადადიან იქ. ის მომენტებიც არსებობს, როცა ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიებიდანაც შეიძლება გაიტაცონ, ეს შემთხვევებიც არსებობს, ამაზეც მუშაობს სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ბევრია შემთხვევა, როცა შეგნებულად გადადიან, ხშირად ნასვამ მდგომარეობაში, სწორედ ამაზე მქონდა აქცენტი გუშინ გაკეთებული, ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში არაადეკვატურია და ბევრჯერ აკეთებს იმას, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში არ გააკეთებს.
ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ისინი მიდიან პროვოკაციაზე, ცილისწამებაზე, როცა მე საერთოდ არ მიხსენებია ბატონი თამაზ გინტური, ამ შემთხვევაში ისინი ითხოვდნენ არარსებულზე ბოდიშის მოხდას [...] რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში, ამიხსნან მაინც, ვერ იძახიან, მაგასაც ვერ იძახიან, რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში", - ამბობს ის.
რაზმაძის ამ განცხადებას წინ გორის საკრებულოს სხდომაზე წინ ხმაური უძღოდა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს, რის შემდეგაც, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვეს.
***
გუშინ გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო "უსაფრთხოების ზომებს იცავს" და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადგილობრივებს ბრალს დებს, რომ ისინი ამას "არ ექვემდებარებიან".
"რამდენი დალევენ, იქ გადავიდნენ, იქეიფონ, არ შეიძლება", - თქვა მან.