გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას ამტკიცებს, რომ სახელმწიფო "უსაფრთხოების ზომებს იცავს" და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადგილობრივებს ბრალს დებს, რომ ისინი ამას "არ ექვემდებარებიან".
რაზმაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები რუს ოკუპანტებს "მიზეზს აძლევენ". ეს რაზმაძემ TV მონიტორინგთან ინტერვიუში თქვა.
"ფაქტი იყო, რომ ადამიანი გადავიდა იქით უკვე ის ტერიტორია ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება მათთვის, ნუ ჩვენთვის კი აღიარებულია, მაგრამ ფაქტია და მოხდა ის, რაც მოხდა. ნიქოზის მხარეს, რამდენი ვიღაცა რამდენიმე ჭიქას დალევს და მერე მოუნდება, იქ უნდა გადავიდეს და იქით ილოცოს, გააგრძელოს ქეიფი არ შეიძლება. რამდენი ადამიანი უნდა აკონტროლო? ერთი საგუშაგოა ნიქოზთან და იქ რომ ყველამ მოინდომოს ასე... ადამიანი თავისთავს თვითონ რასაც გაუკეთებს, ვერავინ ვერ გაუკეთებს იმაზე ცუდს...
სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას წევენ. ის რაღაცა სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს, რაც არ უნდა გადაკვეთონ, იქ არ უნდა გადავიდნენ. რუსი არ ინდობს თავის მოქალაქეს, ჩვენსას დაინდობს? მით უმეტეს, როცა მიზეზს მისცემ და თავის მოგონილ ე.წ საზღვრებს რომ გადალახავ, იმათთვის ეს წითელი ნიშანია.
სახელმწიფო ყველაფერს იცავს, მაგრამ თვითონ იქ არსებული მოსახლეობა ამ ყველაფერს არ ექვემდებარება. რეალობა ეს არის. უნდა აღვიქვათ რეალობა. იქ დგას რუსი, კაცის მკვლელი, ოკუპანტი და ქვეყნის დამაქცევარი, იმას უნდა მოვერიდოთ"- თქვა რაზმაძემ.
***
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
უკანონოდ დაკავებული დოთიაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს გაათავისუფლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.