"რისთვის დავსაჯოთ ვინმე? მკვლელობად შეფასება არასწორია" - ლავროვის მოადგილე გინტურზე

"რისთვის დავსაჯოთ ვინმე? მკვლელობად შეფასება არასწორია" - ლავროვის მოადგილე გინტურზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ირწმუნება, რომ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე საუბრისას სიტყვა "მკვლელობის" გამოყენება არაკორექტულია.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი მოკლულ თამაზ გინტურსა და უკანონოდ გატაცებულ ლევან დოთიაშვილს სდებს ბრალს თავდასხმაში და ამტკიცებს, რომ ისინი რუს მესაზღვრეებს "ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ".

ის ირწმუნება, რომ რუსი მესაზღვრეები "საერთაშორისოდ ცნობილი წესების ფარგლებში მოქმედებდნენ" და ამის შეფასება მკვლელობად არასწორია.

"საჭიროა რეალურად და ცხადად იმ გეოპოლიტიკური რეალობის მიღება, რომელიც გარშემო გვაქვს. საჭიროა ცხადად დამახსოვრება დღევანდელი მდგომარეობის მიზეზებისა და სათავეებისა. ისტორიის, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წლის აგვისტოდან, როგორ იწყებოდა საქართველოში აგრესია სააკაშვილის ხელმძღვანელობით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ. რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა ნიშნავს რუსეთზე თავდასხმას, ამიტომ საქართველოს იძულებით მოწოდებული იქნება მშვიდობისკენ.

რაც შეეხება თამაზ გინტურის საქმეს, ტერმინოლოგია, რომელიც კითხვაში გამოიყენეთ, არაკორექტულია. საქმე ეხება არა იმას, რომ ვინმე მიზნად ისახავდა ადამიანის მკვლელობას, არამედ იმას, რომ ადამიანებმა უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი. ამასთან ერთად, ისინი ნაჯახის გამოყენებით ემუქრებოდნენ მესაზღვრეებს. ნაჯახი სერიოზული ცივი იარაღია. ისინი ცდილობდნენ ეკლესიაში შეჭრას, როდესაც მათ წესრიგისკენ მოუწოდეს. ამ ნაჯახით ისინი ჩვენს მესაზღვრეებს დაემუქრნენ, მათ მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები, ამის მიუხედავად, ისინი ჩვენს მესაზღვრეებს ემუქრებოდნენ, უნდოდათ მანქანით დასჯახებოდნენ. თავიდან გამაფრთხილებელი ცეცხლი ჰაერში გაიხსნა, შემდეგ კი მანქანის ბორბლების მისამართით. რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როცა მესაზღვრეები მოქმედებენ იმ წესების ფარგლებში, რომელიც საერთაშორისოდ ცნობილია. ასე რომ, ამის შეფასება მკვლელობად არასწორია.

კარგი იქნებოდა, ქართულ მხარეს კარგად განემარტა საკუთარი მოსახლეობისადმი, რომ არ ღირს ჩუმად და უკანონოდ საზღვრების გადაკვეთა", - თქვა გალუზინმა.

***

თამაზ გინტური 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ჯარისკაცმა მოკლა. შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.

დოთიაშვილი იხსენებს, რომ ლომისის ტაძარში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ. თავდაპირველად რუსმა ჯარისკაცმა გამაფრთხილებელი ტყვია გაისროლა, რის შემდეგაც, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი მას გაესაუბრნენ, შემდეგ ტერიტორია დატოვეს. მანქანაში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში რუსმა ჯარისკაცმა გამიზნული სროლა დაიწყო. დოთიაშვილი ამბობს, მანქანიდან დაჭრილი თამაზ გინტურის გადმოყვანის შემდეგ მან სასწრაფოში დარეკა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ადგილზე კიდევ 7 რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებიდანაც ერთ-ერთმა მას დაარტყა, მიწაზე დააწვინა და ბორკილები დაადო.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდო მკვლელები არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.