"რისკია, მიღების შემდეგ, ოპოზიციაზეც გავრცელდეს" - ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციაზე

"რისკია, მიღების შემდეგ, ოპოზიციაზეც გავრცელდეს" - ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციაზე

ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების ფარგლებში გაგზავნა, შუალედურ დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ "ოლიგარქების" გავლენის შეზღუდვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის, რომელსაც სურს მიაღწიოს კანონის უზენაესობის დემოკრატიულ სისტემას, თუმცა კომისია საუბრობს რისკებზე, რომლებიც კანონპროექტის ამ ფორმით მიღებამ შეიძლება გააჩინოს.

კერძოდ, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი ეფუძნება პერსონალურ მიდგომებს და არ არის სისტემური, რომელიც ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას მოემსახურებოდა. ასევე აღნიშნულია, რომ "საჯარო განცხადებების ფონზე, საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ, ოპოზიციაზეც გავრცელდება".

ვენეციის კომისია გამოყოფს 2 მიდგომას, რომელიც საჭიროა დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი. პირველი მიდგომა მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, პოლიტიკურ პარტიებს, კორუფციასა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სფეროებს ეხება, მეორე კი პერსონალური მიდგომაა. დასკვნის თანახმად, პერსონალური მიდგომისას ხდება ადამიანების სპეციფიკური კრიტერიუმებით შერჩევა და მათთვის "ოლიგარქების" დარქმევა.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ "პერსონალურ" მიდგომას სადამსჯელო ხასიათი აქვს და იწვევს ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს, თუ არ არსებობს სათანადო დონის სასამართლო პროცესის გარანტიები.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოსა და ინსტიტუციების გაძლიერებას ითვალისწინებს, ამავდროულად კი აღნიშნავს, რომ მიუხედავად პერსონალური მიდგომის პრობლემატურობისა, "მისი ყველა ელემენტი და მიდგომა არ არის არალეგალური".

"ვენეციის კომისია უფრო ემხრობა სისტემურ მიდგომას, რომელიც კანონმდებლობისა და სხვადასხვა სფეროში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავს, მათ შორის ეფექტური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საშუალებას იძლევა", - აღნიშნულია დასკვნაში.

ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, მოხდეს ძირითადი პროცედურების გადახედვა, მათ შორის ითხოვს, რომ მოხდეს გარკვეული ტერმინების უკეთესად განმარტება. ასევე, აღნიშნავს, რომ საჭიროა პროცედურების განმარტება.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონით უზრუნველყონ შეზღუდვების პროპორციულობა მათ მიმართ, ვინც შესაძლოა ოლიგარქებად გამოცხადდნენ და ითხოვს, დაინერგოს სისტემური ზომები ოლიგარქიის გავლენის შესამცირებლად.

***

საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო. შემდეგ კი, განხილვა აღარ გაგრძელდა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმუშაოს.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას პირდაპირ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. ამავე დროს, კი მმართველ გუნდში ბრალდებებს უარყოფენ და ივანიშვილს მეცენატად და პოლიტიკიდან გასულ პირად წარმოაჩენენ.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერმინისტრის კომპეტენცია იქნება.

კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს პროექტში ცვლილებების შეტანა შესთავაზა.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.