ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ბელარუსი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის კიდევ ერთი სამხედრო ოლქი გახდა.
"რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში ადასტურებს, რომ ბელარუსი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის კიდევ ერთი სამხედრო ოლქი გახდა. ევროკავშირმა და G7-მა რუსეთისა და ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მეტი სანქციები უნდა გამოიყენონ", - თქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
25 მარტს, კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფიციალური მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა Russia 24-თან ინტერვიუს დროს გააკეთა.
პუტინი ამბობს, რომ რუსეთი უკვე დაეხმარა ბელარუსს თვითმფრინავების ხელახალ აღჭურვაში. გარდა ამისა, მინსკს გადაეცა სარაკეტო სისტემა ისკანდერი. პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი დიდი ხანია ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.