საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 17 ივნისიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება.
"ახალი რეჟიმის მიხედვით, 17 ივნისის დილის 6 საათიდან რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით გაიზრდება, კერძოდ: მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.
ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე კვლავ გაგრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს", - აღნიშნულია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
საავტომობილო დეპარტამენტმა 11 აპრილს, "მცირე ქვათაცვენის გამო, გზების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების" მიზეზით რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალა. 13 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით ამოქმედდა.