რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ზაზა ავალიანი აცხადებს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიის გაყიდვა და იქ საინვესტიციო პროექტების განხორციელება არ იგეგმება. ის დღეს კლინიკის მედპერსონალის ნაწილს შეხვდა და შენობის დაანონსებულ ნგრევასთან დაკავშირებით ესაუბრა.
რაც შეეხება კლინიკის მედპერსონალის საქმიანობას იმ პერიოდში, სანამ საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება, დირექტორის თქმით, ამასთან დაკავშირებით ექიმებს სრული ინფორმაცია მიეწოდებათ.
"არანაირი გეგმა იმის თაობაზე, რომ ამ ტერიტორიაზე რაიმე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, რომ რესპუბლიკური გაიყიდება როგორც ქონება და აქ სხვა რამ აშენდება, ასეთი განზრახვა არ არსებობს. აქ საუბარი მიდის იმ ძირითად ნაწილზე, რაც მათ აღელვებს, რომ როგორი იქნება მათი შემდგომი ბედი იმ პერიოდში, რაც დასჭირდება ახალი შენობის აშენებას ან განახლებას. ეს საკითხები მათ მიეწოდებათ სრულად ინფორმაციის სახით. სამინისტრო ამის თაობაზე გააკეთებს საჯარო განაცხადს"- ამბობს ავალიანი.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალმა დღეს კლინიკის დერეფანში აქცია გამართა. ისინი კლინიკის დანგრევასა და მათი საქმიანობის გაგრძელებასთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხებსა და განმარტებებს ითხოვენ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.
თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკა მოეწყობა.
როგორც მან აღნიშნა, პროექტი "საავადმყოფოს განახლებას" ითვალისწინებს.