რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, გენერალური დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს, რომელიც ამ დრომდე კლინიკური მენეჯერი იყო.

"შეხვედრა გაიმართა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართულებების ყველა ხელმძღვანელთან, ასევე მენეჯმენტთან. საუბრის ძირითადი თემა იყო კლინიკის ახალი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენა, რომელიც წლებია, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს და ამ ეტაპზე ასრულებდა კლინიკური მენეჯერის მოვალეობას. თქვენ იცით, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, ბატონი ზაზა ავალიანი გააგრძელებს მუშაობას ტუბერკულოზის და ფილტვის ცენტრში, სადაც იგი წლებია, მუშაობს და დროებით იყო მივლინებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ის დაუბრუნდება ტუბერკულოზის ცენტრს, ხოლო კლინიკური მენეჯერი, რომელიც ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას

გარდა ამისა, სამინისტრომ შექმნა სამინისტროს თანამშრომლების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც შემდეგი რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში უშუალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნებიან. იმ ინიციატივას და კონცეფციას, რომელიც გუშინ მინისტრმა წარუდგინა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ხელმძღვანელ პირებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს, ეს ჯგუფი ბოლომდე ჩაშლის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომლისთვის, რათა ის ინიციატივა, რაც სამინისტროს მხრიდან წამოვიდა რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყველა თანამშრომლისთვის იყოს გასაგები და ბოლომდე მივიტანოთ ინფორმაცია", - განაცხადა ღუდუშაურმა.

22 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლებმა ღია წერილში აღნიშნეს, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკა მოეწყობა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი "საავადმყოფოს განახლებას" ითვალისწინებს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში "არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართული ტყუილები" ვრცელდება. ღარიბაშვილის თქმით, "სახელმწიფოს აქვს კარგი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო". მისივე თქმით, "არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე".

4 აპრილს რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან გოფოძე პროკურატურაში დაიბარეს და გამოკითხეს. როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გოფოძემ ფორმულას უთხრა, გამომძიებლის კითხვები რესპუბლიკურში განხორციელებულ სარემონტო სამუშაოებს ეხებოდა, რომლებიც ორი წლის წინ პანდემიის დროს ჩატარდა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა გამოკითხვაზე დაბარება იყოს ზეწოლის მცდელობა, რადგან თავადაც მონაწილეობს კლინიკის ექიმების აქციაში, გოფოძე პასუხობს: "იმის იდეას, რომ რესპუბლიკური უნდა გადარჩეს, ვიზიარებთ ყველა. ამიტომაც რაიმე ზეწოლის განხორციელება ამ მიმართულებით არ მგონია იყოს ჩემზე".

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ლაშა ღუდუშაური ჟურნალისტებთან ამბობს, რომ გამოკითხვის დეტალები არ იცის.