პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში "არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართული ტყუილები" ვრცელდება.
ღარიბაშვილის თქმით, "სახელმწიფოს აქვს კარგი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო". მისივე თქმით, "არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე".
"ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი კითხვა დაისვა, თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. ძალიან მალე, რამდენიმე დღეში ბატონი ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას, პრეზენტაციას, რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც, რა თქმა უნდა, არის სიცრუე. არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის, ხელფასის გარეშე. გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო, საუბარია იმავე ადგილას და არა სხვა ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს, ეს მინდოდა მეთქვა ხაზგასმით. ასე რომ, არანაირი მღელვარების საფუძველი ჩვენ არ გვაქვს", - თქვა ღარიბაშვილმა.
* * *
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა.
თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკა მოეწყობა.
როგორც მან აღნიშნა, პროექტი "საავადმყოფოს განახლებას" ითვალისწინებს.