წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის დირექტორი BMG-სთან ამბობს, რომ კომპანია ხარისხთან დაკავშირებულ ხარვეზებს არ აღიარებს, თუმცა მერიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას კვლავ გეგმავს.
"როგორ ფიქრობთ, კომპანია, რომელიც სამუშაოებს ვაწარმოებდით და თითქმის ბოლომდე გვქონდა მიყვანილი, ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემას დავეთანხმებით? გვაქვს მიმოწერა მერიასთან, სადაც ასახულია არსებულ საკითხთან დაკავშირებული ყველა პრობლემა, მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას", - ამბობს კომპანია მილენიუმ ბილდერს გრუპის დირექტორი, გიორგი ბუტიკაშვილი
დღეს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა. საქმე ეხება ორ კონტრაქტორ კომპანიას - შპს ერ ტე დეს და შპს მილენიუმ ბილდერს გრუპს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინსპექტირებისას დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და კომპანიების მიერ ობიექტზე სამუშაოების შეფერხებით შესრულება.
მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის წერილი 15 იანვრითაა დათარიღებული და ნათქვამია, რომ "დღეის მდგომარეობით სამუშაოები ძირითადი ნაწილი დასრულებული არ არის".
ამასთან, მერიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წერილებით ირკვევა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობს უხარისხოდ პროექტთან შეუსაბამოდ".