რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია თბილისში ინაცვლებს

რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია თბილისში ინაცვლებს

რაჭის ტყეების გადაცემაზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქცია თბილისში ინაცვლებს.

ადგილობრივები რაჭიდან დედაქალაქში მოემართებიან და პროტესტის გაგრძელებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გეგმავენ. ასევე, აპირებენ, კარვების გაშლას. ავტომობილების კოლონა ამბროლაურიდან დაახლოებით 12:00 საათზე დაიძრა.

ორგანიზატორთა განცხადებით, 52 დღის განმავლობაში ხელისუფლებამ მათი არც ერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ისინი ლიცენზიის სრულად გაუქმებას ითხოვენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, უფრო და უფრო ბუნდოვანი გახდა პროცესი და კითხვებზე პასუხების გასაცემად, თბილისში პროტესტის გაგრძელება უფრო ადეკვატური იქნება.

"მუდმივად ეს კამპანია არსებობს ხელისუფლებისგან წარმოებული, რომ ეს თითქოს ეს ლიცენზია გადაიხედება. რაღაც კონფლიქტი, რომ ვითომ, ხიდაშელი და ხელისუფლება დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან. და ჩვენ ვნახეთ ხიდაშელის ბოლო განცხადება, რომ ახლა გადის თვითონ ამ საქმიდან და დაასახელა ორი სუბიექტი, ესპანური და ქართული მხარე, რომელიც ამ ლიცენზიას იყიდის. შესაბამისად, უფრო ბევრი კითხვა ჩნდება, უფრო ბუნდოვანი გახდა ჩვენთვის პროცესი და ყველაფერ ამას რომ პასუხები გაეცეს, ვფიქრობთ, რომ აქ პროტესტი უფრო ადეკვატური იქნება საამისოდ", - განაცხადა გოლეთიანმა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, პროცესმა ცხადყო, რომ ლიცენზიის გაუქმებას არ აპირებენ, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, აქციები თბილისში გაეგრძელებინათ.

"პროცესმა ცხადყო, რომ არ აპირებენ ლიზენციის გაუქმებას და არანაირი მოტივაცია მათი მხრიდან გამოჩნდა შევხედრაზეც, რომელიც 7 საათი გრძელდებოდა და დიდი ბრძოლის ფასად მოვიპოვეთ და ახლა მივედით იმ ეტაპზე, რომ ჩვენი პროტესტის უშუალო ადრესატი გახდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მივიღეთ გადაწყვეტილება, გადმოვიდეთ და ადგილზე გავშალოთ კარვები", - თქვა მან.

15 ნოემბერს ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. როგორც მის მიერ ფორმულასთვის მიწოდებული განცხადებიდან ირკვევა, ხიდაშელმა "გაუგებრობების აცილებისა და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო", რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა.

მანამდე, 21 ოქტომბერს გარემოს დაცვის სააგენტროში განაცხადეს, რომ ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზია, შესაძლოა, გადაიხედოს. მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტრო ხიდაშელის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა დაასახელეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინვესტორმა არ წარმოადგინა ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომლის ვალდებულებაც აქვს ყველას, ვინც სახელმწიფოსგან ლიცენზიას იღებს, შესაბამისად, როგორც თანდილაშვილმა აღნიშნა, დაჯარიმეს პროცესი დაიწყეს.

გარდა ამისა, სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან ერთად განსაკუთრებული დაცულობის მქონე ტერიტორიის შექმნაზე მუშაობს და გეგმავენ, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე ეს საკითხი შეიტანონ.

***

უკვე რამდენიმე კვირაა მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის და ადგილობრივები ხიდაშელისთვის რაჭის ტყეებზე გადაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ.

სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.