"რაჭის ტყეების დასაბრუნებლად" - გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

"რაჭის ტყეების დასაბრუნებლად" - გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

"რაჭის ტყეების დასაბრუნებლად" - ამ ლოზუნგით გარემოს დაცვის სამინისტროსთან აქცია იმართება. მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია, ისინი რაჭის ტყეებზე გაცემული 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უკვე ერთი კვირაა, რაც მათი კონსტიტუციური უფლება ირღვევა და პროტესტის სათანადოდ გამოხატვის საშუალება არ ეძლევათ. შეკრებილები მინისტრთან შეხვედრასა და პროტესტის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით განმარტებას ითხოვენ.

"დღეს ვითხოვთ აქციაზე, გუშინ გავაკეთეთ ეს მიმართვა, რომ მოვიდეს მინისტრი და უბრალოდ, გაგვცეს ამ კითხვებზე პასუხი, რატომ გვეზღუდება პროტესტის უფლება, შემდეგ, ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით, რაზეც ეს პროტესტი არსებობს, თავისთავად ცხადია და ის, რომ პოლიციელები დასდევენ ამ პლედებს, გენერატორებს და რაღაცებს, რაც ჩვენი უფლებაა ყველა კანონით, რატომ მიმართავენ ასეთ დამოკიდებულებას ჩვენთან დაკავშირებით", - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

აქციამ რაჭიდან თბილისში ერთი კვირის წინ გადმოინაცვლა. 18 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის და ადგილობრივი მოსახლეობა თბილისში კოლონებით ჩამოვიდნენ. აქციის დროს შსს-მ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

მოგვიანებით შსს-მ გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულთა შესახებ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს.

სასამართლომ 11-ვე დაკავებული დარბაზიდან 19 ნოემბერს გაათავისუფლა, პროცესები შემდეგი კვირისთვის გადაიდო - 8 მოქალაქის სხდომა 29 ნოემბერს, ხოლო 3-ის 30 ნოემბერს ჩაინიშნა.

***

მოძრაობა რიონის ხეობის გადასარჩენად და ადგილობრივები ხიდაშელისთვის რაჭის ტყეებზე გადაცემული ლიცენზიის გაუქმებას უკვე რამდენიმე კვირაა ითხოვენ.

სახელმწიფომ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია მარტში მანიჭა - 1 151 832 ლარად.

ტყეები აუქციონზე ისე გავიდა და ლიცენზიაც ისე გაიყიდა, რომ იმ ხალხმა, რომელიც ამ ტყეების სიახლოვეს ცხოვრობს, არაფერი იცოდა. მათ ეს მედიით შეიტყვეს.

21 ოქტომბერს გარემოს დაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის ლიცენზია, შესაძლოა, გადაიხედოს. მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტრო ხიდაშელის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა დაასახელეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინვესტორმა არ წარმოადგინა ტერიტორიის განვითარების გეგმა, რომლის ვალდებულებაც აქვს ყველას, ვინც სახელმწიფოსგან ლიცენზიას იღებს, შესაბამისად, როგორც თანდილაშვილმა აღნიშნა, დაჯარიმეს პროცესი დაიწყეს.

გარდა ამისა, სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან და ხელისუფლებასთან ერთად განსაკუთრებული დაცულობის მქონე ტერიტორიის შექმნაზე მუშაობს და გეგმავენ, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე ეს საკითხი შეიტანონ.

15 ნოემბერს ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის. როგორც მის მიერ ფორმულასთვის მიწოდებული განცხადებიდან ირკვევა, ხიდაშელმა "გაუგებრობების აცილებისა და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო", რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა.

მომდევნო დღეს კი გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, რომ სხვა ვალდებულებებთან ერთად, ლიცენზიის მფლობელს მეურნეობის მოსაწყობად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა არცერთი პირობა არ შეასრულა. ასევე, თქვეს, რომ "დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით".

ორგანიზატორები როგორც გარემოს დაცვის, ასევე, ხიდაშელის განცხადებებს არადამაჯერებელს უწოდებენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროცესი უფრო ბუნდოვანი გახდა, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროტესტი თბილისში გაეგრძელებინათ.