
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს ახალი კოორდინაციის, წინააღმდეგობის პლატფორმის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი რამდენიმე საკითხზე შეჯერდნენ.
პრეზიდენტის თქმით, კოორდინაციამ განიხილა:
"ჩატარდა ჩვენი მეორე შეხვედრა, ახალი კოორდინაციის, წინააღმდეგობის პლატფორმის, რომელიც კიდევ გავიმეორებ, რომ არის პლატფორმა, რომელიც ღიაა ყველა იმ პროევროპული პარტიისთვის, ან პარტიისთვის, რომელიც შეიქმნება, რომლებიც იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, რომელიც არის ახალი არჩევნები და არა სხვა რომელიმე მოთხოვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ეს ორი მთავარი, ცხადია, როგორც პროევროპული პარტიები, ესენი ასევე იზიარებენ ქართულ ქარტიას, ეს არის სამი მოცემულობა, რომელიც უხსნის გზას პარტიებს, რომ შემოვიდნენ ამ პლატფორმაში.
კოორდინაციამ დღეს განიხილა ერთი აქტუალური თემა, რომელიც არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და ადამიანების დაბარება და ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არც ერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტიები არ მიიღებენ მონაწილეობას ამ კომისიაში, რადგან ეს კომისია ერთის მხრივ სრულად არალეგიტიმურია, მეორეს მხრივ კი იმიტომ, რომ ეს კომისია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ინტერესებს, ასე რომ, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმის, რომ ვინმემ მიიღოს მონაწილეობა. ასევე, ეს კომისია ემსახურება იმას, რომ დაითესოს შიში, პირდაპირ მიზანში არიან პოლიტიკური ლიდერები. ასე რომ, პოზიციაა, რომ არავინ მიიღებს ამ პოლიტიკური პარტიებიდან მონაწილეობას.
კიდევ დღის წესრიგში დღეს გვქონდა კიდევ ორი სხვა თემა - ერთი შიდა მექანიზმები, რომელიც ნელ-ნელა უნდა ჩამოყალიბდეს და გვაქვს რამდენიმე მოსაზრება, შევქმნით ერთიან საერთაშორისო კალენდარს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები დროულად იქნას მიწოდებული სხვადასხვა ლიდერებთან თუ პარლამენტებთან, როგორც კოორდინაციის პოზიციები, ეს არ იქნება ჩვეულებრივი ნიუს ლეთერი, არამედ ჩვენი პოლიტიკური პოზიციების გაჟღერება პარტნიორებთან დროულად. პირველი ასეთი შემთხვევაა ევროპული საბჭოს ასამბლეის 7 აპრილის სესია, რომლისთვისაც ემზადებიან პოლიტიკური პარტიები და იქაც, ადგილზეც მიმდინარეობს კოორდინაცია.
ასევე, შევქმნით ერთიან საკომუნიკაციო ჯგუფს, რომელიც შექმნის თავის Facebook-ს, Twitter ანგარიშს და ამით უფრო მარტივად გავავრცელებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს კოორდინაციის შესახებ, რომ ამ კოორდინაციის საქმიანობა ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა ბრიფინგის ბოლოს აღნიშნა, რომ ამ წუთებში, კოორდინაციის წევრები გერმანელი ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდებიან და საქართველოში არსებულ ყველა გამოწვევაზე ისაუბრებენ.
"კიდევ ერთი რამ, რაც უნდა მოგახსენოთ, ახლა, თქვენს მერე კოორდინაციის წევრები ხვდებიან გერმანელი ჟურნალისტების დიდ ჯგუფს, რომელიც სრულყოფილად არის ჩამოსული საქართველოში და ჩვენ გავაცნობთ კოორდინაციასაც და დღევანდელ ყველა აქტუალურ გამოწვევაზეც ვესაუბრებით ამ ჟურნალისტებს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.