რა ბიზნესსა და ქონებას ფლობენ „ქართული ოცნების“ წევრები ევროპაში

რა ბიზნესსა და ქონებას ფლობენ „ქართული ოცნების“ წევრები ევროპაში

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო დაკარგვის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, სულ უფრო აქტიურად აბანდებენ ქონებას თავად ევროკავშირის ქვეყნებში - ყიდულობენ უძრავ ქონებას, აფუძნებენ კომპანიებს და იღებენ მოქალაქეობას საკუთარი ოჯახის წევრებისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პარტიასთან დაახლოებულ 18 პირს ევროკავშირის 11 ქვეყანაში - მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ჩეხეთსა და ესპანეთში - უძრავი ქონება ან ბიზნესები აქვთ რეგისტრირებული.

საფრანგეთი

ბიძინა ივანიშვილი

კომპანიები: ივანიშვილების ოჯახის საერთაშორისო ბიზნესიმპერია, საუბარია 20-მდე უცხოურ კომპანიაზე, რომელთა გავლით ოჯახი 125-მდე ქართული კომპანიას და დიდძალ უძრავ ქონებას ფლობს, სწორედ ევროპულ იურისდიქციებშია რეგისტრირებული: დიდ ბრიტანეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში და საფრანგეთში. თავად ბიძინა ივანიშვილი დღემდე საფრანგეთის მოქალაქეა.

უძრავი ქონება: ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე 2 უძრავ ქონებას ფლობენ პარიზში:

  1. 1 935 კვ.მ ფართობის მიწა და მასზე არსებული 300 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი პარიზში, მისამართზე: 1 Allée des Robichons, La Celle-Saint-Cloud, 78170. უძრავი ქონების მფლობელი ეკატერინა ხვედელიძეა.
  2. 110 925 კვ.მ ძირითადად ტყით დაფარული მიწა პარიზში, მისამართზე: 29 Rue de la Princesse, Louveciennes. უძრავი ქონების უშუალო მფლობელია საფრანგეთში რეგისტრირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანია სახელწოდებით SCI Du 29 Rue De La Princesse, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ერთად ფლობენ.

კახა კალაძე

თანამდებობა: თბილისის მერი

უძრავი ქონება და კომპანია: კახა კალაძე პარიზში ფლობს 7 ოთახიან ბინას, რომელიც მან 2022 წლის დასაწყისში შეისყიდა 3.5 მილიონ ევროდ. ბინას ოფიციალურად ფლობს კომპანია სახელმწოდებით Kala Capital, რომელიც კახა კალაძემ და მისმა მეუღელს 2022 წლის დასაწყისში დაარეგისტრირეს, ხოლო ახლა სრულად ეკუთვნის მის მეუღლეს. კომპანია იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბინა – 49 Boulevard Lannes.

კახა კალაძის ოთხივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეები არიან, რადგან ისინი იტალიაში და საფრანგეთში დაიბადნენ.

ანტონ ობოლაშვილი

თანამდებობა: „ქართული ოცნების“ დეპუტატი

უძრავი ქონება: ანტონ ობოლაშვილი და მისი მეუღლე ფლობენ 130 კვ.მ ფართობის ბინას პარიზში, 33 Rue de Lubeck, რომელიც მათ 2014 წელს შეიძეს 1,165,030 ევროდ. 2019 წელს მათ ავტოფარეხიც იყიდეს 58,000 ევროდ.

კახი ბექაური

თანამდებობა: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

კომპანია: 2024 წლის 28 ივნისს კახი ბექაურმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ბერიძემ, დააფუძნეს კომპანია Nap Real Estate პარიზში, 47 Avenue Hoche, 75008. კომპანიის ოფიციალური საქმიანობა უძრავი ქონების მართვაა. 2024 წლის დეკლარციის თახმად, ბექაურმა და მისმა მეუღლემ მთლიანობაში 1 764 991 ევრო შეიტანეს კოპანიის საწესდებო კაპიტალში. სავარაუდოა, რომ ეს თანხა საფრანგეთში უძრავი ქონების შესაძენად იყოს გამიზნული.

ვახტანგ ჯაოშვილი

თანამებობა: ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

უძრავი ქონება: ვახტანგ ჯაოშვილის მეუღლე და შვილი საფრანგეთის მოქალაქეები არიან, მისი მეუღლე საფრანგეთში 3 უძრავ ქონებას ფლობს:

1. 29 კვ.მ ფართობის ბინა, ქ. ფონტენბლო, 21 bd de Magenta, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს 147 926 ევროდ შეიძინა.

2. 90 კვ.მ ფართობის ბინა, ქ. ავონი, 3 rue des Courtils, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2006 წელს 280 800 ევროდ შეიძინა.

3. 140 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, ქ. ფონტენბლო, 39 rue des Provenceaux, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2018 წელს 370 000 ევროდ შეიძინა.

გერმანია

ლევან კობიაშვილი

თანამდებობა: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტის ყოფილი წევრი

უძრავი ქონება: ლევან კობიაშვილი და მისი მეუღლე თამარ წულეისკირი, რომელიც თავად ყოფილი თანამდებობის პირია (ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი უფროსი) გერმანიაში, კერძოდ ბერლინში 2 უძრავ ქონებას ფლობენ:

770 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 550 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2014 წელს 1 690 000 ევროდ შეიძინეს,
110 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს 945 000 ევროდ შეიძინეს.
ლევან კობიაშვილის ორივე შვილი სავარაუდოდ ევროკავშირის მოქალაქეა, რადგან ისინი გერმანიაში დაიბანდნენ.

გიორგი ქაჯაია

თანამდებობა: საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი (ყოფილი)

უძრავი ქონება: გიორგი ქაჯაიას გერმანელ მეუღელს ეკუთვნის 100 კვ.მ ფართობის ბინა ბერლინში, ზონნტაგშტრასე 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2008 წელს 200 000 ევროდ შეიძინა.

ნიდერლანდები

ირაკლი რუხაძე - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტული მედიასაშუალების, ტვ იმედის მფლობელი

კომპანიები: ირაკლი რუხაძე მის ქართულ ბიზნეს აქტივებს ნიდერლანდებში რეგისტრირებული რამდენიმე კომპანიის გავლით ფლობს, ეს კომპანიებია:

  • ტელეიმედი → Media Finance Group B.V.
  • ლიბერთი ბანკი → Georgian Financial Group B.V.
  • ქართული ცემენტი (ყოფილი ჰაიდელბერგ ცემენტი) → Caucasuscement Holding B.V. და Cement Invest B.V.
  • რუსთავის ფოლადი → Tolanius Beheer B.V.

ნიკოლოზ ლალიაშვილი

თანამდებობა: საქართველოს ელჩი უნგრეთსა და მონტენეგროში

კომპანია: ნიკოლოზ ლალიაშვილი ფლობს 50%-იან წილს კომპანიაში Spacefoods Holding B.V. (Nassaukade 304A 2, 1053LN), რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.

მისი მეუღლე, რომელიც სლოვაკეთის მოქალაქეა, ფლობს ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიას სახელწოდებით “სს ზეტორ ბრნო“.

ჩეხეთი

ალექსი ახვლედიანი

თანამდებობა: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი

უძრავი ქონება: ალექსი ახვლედიანს ჩეხეთში ორი უძრავი ქონება აქვს:

  • 320 კვ.მ ბინა ჩეხეთში, პრაღა, კოვჩინუს 139, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს 860 000 ევროდ შეიძინა.
  • 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, პრაღა, ლობანოვას 41/43, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2012 წელს 485 000 ევროდ შეიძინა.

კომპანიები: ალექსი ახვლედიანი ფლობს 100%-იან წილებს ჩეხეთში რეგისტრირებულ ორ კომპანიაში: GSG Wine Company და Akhmusi; ასევე, 100%-იან წილს სლოვენიაში რეგისტრირებულ კომპანიაში Navtilus Doo.

ნინო წილოსანი

თანამდებობა: „ქართული ოცნების“ დეპუტატი

კომპანია: ნინო წილოსანი ფლობს 25%-იან წილს ჩეხეთში რეგისტრირებულ კომპანიაში S.R.O Almitrans (U Zvonařky 2536/1d).

სლოვაკეთი

ალექსანდრე მოწერელია

თანამდებობა: პარლამენტის ყოფილი წევრი

კომპანია: ალექსანდრე მოწერელია ფლობს 49%-იან წილს სლოვაკურ კომპანიაში Svet Orechov.

უძრავი ქონება: 72 კვ.მ ფართობის ბინა სლოვეკეთში, ბრატისლავა, ოსუსკეჰოს 44, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, მან 2016 წელს 123 000 ევროდ შეიძინა.

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი

თანამდებობა: საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო დავალებათა ელჩი

უძრავი ქონება: 106 კვ.მ ფართობის ბინა სლოვაკეთში, ბრატისლავა, გაიოვას 17, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, მან 2008 წელს 278 000 ევროდ შეიძინა. მისი მეუღლე სლოვაკეთის მოქალაქეა.

ესპანეთი

რომეო მიქაუტაძე

თანამდებობა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მინისტრის პირველი მოადგილე (ყოფილი)

უძრავი ქონება: 120 კვ.მ ფართობის ბინა ესპანეთში, მადრიდი, ბარბიერის ქუჩა 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს 660 000 ევროდ შეიძინა.

დანია

ნათელა მენაბდე

თანამდებობა: დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

უძრავი ქონება: 154 კვ.მ ფართობის ბინა დანიაში, ჰელერუპი, გენტოფტე, ბრიგერტორვეტი 2, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2005 წელს 4 260 000 დანიურ კრონად (დღევანდელი კურსით 670,000 აშშ დოლარი) შეიძინა.

უნგრეთი

გიორგი შარვაშიძე

თანამდებობა: სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

უძრავი ქონება: 87 კვ.მ ფართობის ბინა უნგრეთში, ბუდაპეშტი, სოფიას 25-ში, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2006 წელს 100 000 ევროდ შეიძინა.

გიორგი შარვაშიძის შვილი უნგრეთშია დაბადებული.

საბერძნეთი

გაიოზი ქაჯაია

თანამდებობა: თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

უძრავი ქონება: 60 კვ.მ ფართობის ბინა საბერძნეთში, სალონიკი, ხარიტონომუ 6.

მაგდანა ყურაშვილი

თანამდებობა: ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო კომისიის თავმჯდომარე

უძრავი ქონება:. 130 კვ.მ ფართობის ბინა კვიპროსში, ლიმასოლი, კანიკა, კენედის 15, რომელიც, დეკლარაციის თანახმად, 2007 წელს 100 000 ევროდ შეიძინა.

შენიშვნა: ჩამოთვლილი ინფორმაცია მხოლოდ მცირე, საჯარო წყაროებით მიკვლევადი ნაწილია იმ ქონებისა და კომპანიებისა, რასაც პარტიის წევრები სინამდვილეში ფლობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.