საფრანგეთში საქართველოს ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი გადადგა. თავის გადადგომას ის რუსული კანონის განხილვას უკავშირებს.
ჯავახიშვილი პირველი მოქმედი ელჩია, რომელმაც რუსული კანონის მიმართ პროტესტი გამოხატა.
ფეისბუქის პოსტში იგი აღნიშნავს, რომ რუსული კანონის განხილვა ართულებს მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას.
"ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა, რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის. პირადად მე არავის ვიცნობ ჩემს ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს, მესმის, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად. თუმცა, მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს.
ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება.
ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ ვეღარ ვერევი.
თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი.
მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი", - აღნიშნულია ელჩის პოსტში.