თელავის რაიონულმა სასამართლომ ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობისა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთა ემუქრება.
შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში მოხდა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული 28 ნოემბერს ყოფილი ცოლის ოჯახში მივიდა და ქალსა და მის ქმარს ცეცხლასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ვინაიდან "თვლიდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს პირადის ცხოვრებისა და სხვა კაცზე დაქორწინების უფლება არ ჰქონდა".
კაცი მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ქალი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.