ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში ხმაურია. შეკრებილები კამარა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
მოსახლეობა უპირისპირდება მუნიციპალიტეტის გეგმას, რომლის მიხედვითაც, მდინარე თერგის დარჩენილი ნაწილი თრუსოდან დარიალამდე მილებში მოექცევა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ და ხელისუფლებას ზეწოლასა და დაშინებაში ადანაშაულებენ. მათი შეფასებით, მუნიციპალიტეტის მთავრობა პროექტის ბოლომდე მიყვანას ცდილობს.
***
საქართველოს ხელისუფლებამ ორწლიანი პაუზის შემდეგ ყაზბეგში კამარა ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვა განაახლა. ადგილობრივები მშენებლობას აპროტესტებენ.
7 ოქტომბერს შაბათის ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის ინტერესების ლობირებაშია მხილებული ადგილობრივი ხელისუფლებაც, მერიის წარმომადგენლები ხეობაში, სადაც თერგი მილებში უნდა დაამწყვდიონ - კარდაკარ დადიან და მოსახლეობას ჰპირდებიან რომ ჰესის აშენების შემთხვევაში დენი უფასო ექნებათ.