ფრიდი: პუტინი აგრძელებს ძალაუფლების გამოყენებას ჩაგვრით, ნავალნის სისხლი მის ხელებზეა

ფრიდი: პუტინი აგრძელებს ძალაუფლების გამოყენებას ჩაგვრით, ნავალნის სისხლი მის ხელებზეა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის "სისხლი პუტინის ხელებზეა". ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში ჩართვისას ისაუბრა.

ფრიდის თქმით, პუტინი აგრძელებს თავისი ძალაუფლების გამოყენებას ჩაგვრის მეშვეობით, რაც ქართველებისთვის არაა გასაკვირი. ის ამბობს, რომ პუტინი "ფაშისტია, რომელსაც სწამს ძალადობის და ამ ძალადობას იყენებს როგორც სახლში, ასევე მის ფარგლებს გარეთ".

"ვლადიმერ პუტინი აგრძელებს თავისი ძალაუფლების გამოყენებას ჩაგვრის მეშვეობით და როდესაც სჭირდება, მკვლელობით. ეს არ გახლავთ ახალი, ქართველებმა ეს კარგად იციან. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ პუტინი გახლავთ ისეთი ლიდერი, რომელიც ჩვენი აზრით უნდა დარჩენილიყო მეოცე საუკუნეში. ის გახლავთ ფაშისტი, რომელსაც სწამს ძალადობის და თავის ძალაუფლებას იყენებს როგორც სახლში, ასევე საზღვრებს გარეთ და ამერიკელებს არ სჭირდებათ, რომ ქართველებს ეს შეახსენონ.

მე დეტალებს არ ვიცნობ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ, მაგრამ მოკლული იყოს ის, თუ ცუდი მოპყრობის გამო გარდაიცვალა, მისი სისხლი არის პუტინის ხელებზე. [...] პუტინს ეშინია, რომ რუსეთის საზოგადოება შეიძლება არ იყოს პასიური, დაშინებული და მიიღოს პუტინი ისე, როგორც ის ამას იმსახურებს. ეს გახლავთ, რაც მოხდა, პუტინის შიში და არა სხვა რაიმე შეგრძნება მისი მხრიდან", - ამბობს ფრიდი.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.