ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არ გააჩნია კარგი განზრახვები საქართველოს მიმართ და სწორედ ამიტომ, ის მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, ერთად იმუშაონ დამოუკიდებელი, ძლიერი და დემოკრატიული საქართველოსთვის.
ეს განცხადება მან ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში ჩართვისას გააკეთა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობდა მიუნხენის კონფერენციის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის, როგორც პრორუსი ოლიგარქის მოხსენებაზე, რაზეც ფრიდმა თქვა, რომ "ქართულ პოლიტიკაზე კომენტარს არ გააკეთებდა". თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ "პოლიტიკურმა ძალებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა საქართველო არ იყოს რუსეთის კონტროლის ქვეშ".
"მე არ მსურს ქართულ პოლიტიკაზე კომენტარების გაკეთება. ვინ მართავს საქართველოს, ეს გახლავთ ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს ოპოზიცია უნდა ათვითცნობიერებდნენ იმას, რომ პუტინს არ გააჩნია კარგი განზრახვები საქართველოს მიმართ. მას სურს, რომ საქართველო დაუბრუნდეს რუსეთის იმპერიას. თქვენ შეიძლება მოგწონდეთ ქართული ოცნება ან ნაციონალური მოძრაობა, სააკაშვილის პარტია - ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც მხარს უჭერს დამოუკიდებელ, ძლიერ და დემოკრატიულ საქართველოს, ისინი უნდა მუშაობდნენ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, ვინც იზიარებს თავისუფალი საქართველოს ხედვას, რომელიც არ იქნება რუსეთის კონტროლის ქვეშ", - განაცხადა დენიელ ფრიდმა.
კითხვაზე, არის თუ არა საქართველოს შიდა პოლიტიკაში შემაფერხებელი ფაქტორები საიმისოდ, რომ ქვეყანა გახდეს დასავლური სამყაროს სრულფასოვანი წევრი, ფრიდი ამბობს, რომ საქართველოს გააჩნია სრული უფლება იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და საკუთარი გზა მონახოს. ამ კონტექსტში ის საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირისკენ სწრაფვას ახსენებს.
"კიდევ ერთხელ - ჩემი მხრიდან კომენტარი არ უნდა კეთდებოდეს საქართველოს პოლიტიკაზე. მე და ამერიკელები, როგორც ჩემნაირად ფიქრობენ, საქართველოს მეგობრები არიან, ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს გააჩნია სრული უფლება, იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და საკუთარი გზა თვითონ მონახოს ევროპული და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის რიგებში, რაც ნიშნავს და ეს, როგორც ჩანს საქართველოს მოსახლეობის დიდი სურვილია და როგორ უნდა მოხვდნენ ამ საზოგადოებაში? - როლი პრემიერის, როლი ბატონი ივანიშვილის და პრეზიდენტის, ყველაფერი ეს ამერიკელების გადასაწყვეტი არ არის. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ ვართ პრო-ქართველები, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს გააჩნია უფლება იპოვოს თავისი გზა მსოფლიოში", - ამბობს ფრიდი.