ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით იუთუბზე ჩანაწერი გავრცელდა - მასში, სავარაუდოდ, გრიგორი კარასინი და ზურაბ აბაშიძე ფიგურირებენ, თუმცა ამის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.
აუდიო 2022 წლის 15 მარტით თარიღდება - გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე და პუტინის მიერ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებამდე თვეებით ადრე, რუსეთ-საქართველოს შორის ამ საკითხზე საუბრის დაწყების სურვილი არსებობდა.
სავარაუდოდ კარასინი ფრენების აღდგენის იდეაზე საუბრობს და ამბობს, რომ სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება, ჯობია, მისი განხილვა გადადონ. ამ მოსაზრებას ეთანხმება, სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძე და აცხადებს, რომ უნდა დაელოდონ, სანამ "შტორმი არ გადაივლის"
"როგორც ხედავ, სიტუაცია რთულია - ჩვენი ტრანსპორტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქნებ ქართულ მხარესთან ჩვენი საჰაერო კავშირების აღდგენის, საგზაო ტრანსპორტის შესახებ იდეები განვიხილოთ. ჩემი აზრით, ახლა ამ საკითხების წამოწევა ნაადრევი იქნება, თუ ვცდები [...] უმჯობესი იქნება, რომ დავიცადოთ, სანამ საკითხი დამშვიდდება და სიტუაცია უფრო ცხადი გახდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შესანიშნავ იდეას დაწყებამდე დავმარხავთ", - ამბობს კარასინი.
აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი გავრცელა იმ არხზე, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარი გამოქვეყნდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.