ფოტიგა კირბალზე: მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები, მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია

ფოტიგა კირბალზე: მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები, მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს სოფელ კირბალში, ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის და გატაცებული ლევან დოთიაშვილის საკითხის განხილვის მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი მოთხოვნით ფოტიგამ კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფის სახელით მიმართა.

სიტყვით გამოსვლის დროს მან საოკუპაციო ძლების მიერ მძევლად აყვანილი ლევან დოთიაშვილი ახსენა და კოლეგებს მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი რეზოლუციის მიღებისკენაც მოუწოდა.

"6 ნოემბერს, საქართველოს ორი მოქალაქე, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდნენ ლომისის ეკლესიაში, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მათ ასევე სურდათ ეკლესიის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოს მონახულება. ამ დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ერთ-ერთი მათგანი, თამაზ გინტური საქართველოს ტერიტორიაზე მოკლეს, ხოლო მეორე ადამიანი მძევლად აიყვანეს და საოკუპაციო ძალების საპატიმრო დაწესებულებაში, ცხინვალში გადაიყვანეს. მივმართავ ევროპარლამენტს, გაიმართოს დებატები მომხდართან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი რეზოლუცია", - აღნიშნა ფოტიგამ.

ევროპარლამენტი კირბალში მომხდარ მკვლელობას, სავარაუდოდ, ნოემბრის სესიაზე განიხილავს, რომელიც 21 ნოემბერს, სტრასბურგში გაიხსნება.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.