კაბალში მერის წარმომადგენლის, ასიფ მამედოვის მიერ მუქარისა და ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოძიება დაიწყო და ის ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება.
გამოძიება ფორმულას ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ დაიწყო, სადაც მოქალაქე, ისკო ისმაილოვი ჰყვებოდა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ვიდეოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ მასთან სამსახურში სამი პირი მივიდა, ტყეში წაიყვანა და ვიდეოს წაშლა, ახალი ვიდეოს დადება და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი დაემუქრა.
ვიდეოში მოქალაქე ამბობდა, რომ კახეთში მომხდარმა სტიქიამ მის საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა, რის შემდეგაც მასთან დასახმარებლად არავინ მისულა.
გარდა ამისა, როგორც ის ფორმულასთან ამბობდა, აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ ვიდეოს ავტორის დეიდაშვილთანაც და დაემუქრნენ, რომ თუ მის ნათესავს ვიდეოს არ წააშლევინებდა, ჰქონდა ერთი კვირა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორია დაეტოვებინა.
ფორმულას ინფორმაციით, დაკითხვაზე დაიბარეს ის პირებიც, რომლებიც მოქალაქეს მამედოვის მუქარა გადასცეს. ასევე, გამოიკითხნენ ისკო ისმაილოვი და მისი დეიდაშვილიც.
"პოლიციაში გამოგვკითხეს ორივე და ორი მოწმე იყო კიდევ. [გვკითხეს] რითი გემუქრებოდნენ, მერე სად წაიყვანეს ისკო. მერე პროფილაქტიკაში რომ მოვიდნენ, რა საუბრები იყო, მაგასთან დაკავშირებით გამოგვკითხეს, ვინ იყვნენ პირები რომ გვკითხეს, ვუთხარით და დანარჩენი თვითონ პოლიციელებმა იპოვეს. გამოძიება დაიწყო, როგორც ვიცით, მუქარით", - ამბობს მამედოვის დეიდაშვილი.