"ფორმულას" განცხადება აქციის ძალადობრივ დაშლასა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე

"ფორმულას" განცხადება აქციის ძალადობრივ დაშლასა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე

28-29 ნოემბერს თბილისში გამართულ მშვიდობიან სახალხო დემონსტრაციას ივანიშვილის რეჟიმმა არაპროპორციული ძალის გამოყენებითა და განსაკუთრებული სისასტიკით უპასუხა. საპოლიციო შენაერთების განლაგება, მათი სტრატეგია და ქცევა ცხადს ხდის მათთვის მიცემულ დავალებას, ყოფილიყვნენ სასტიკები და პერსონალურად დაესაჯათ აქციის აქტიური მონაწილეები, დაენერგათ შიში.

საპოლიციო შენაერთები კი განსაკუთრებით სასტიკები იყვნენ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რადგან სწორედ ეს ადამიანები ამხელენ ყველაზე ცხადად მათ მიერ ჩადენილ განზრახ დანაშაულს.

მძიმე დაზიანებები აქვს ჩვენი არხის წამყვანს, ჟურნალისტ გურამ როგავას, რომელიც პროფესიული მოვალეობის განხორციელების მომენტში, ღია ეთერში, ნიღბიანი სპეცრაზმელის სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ეს ფაქტი აღბეჭდილია რამდენიმე ვიდეო კამერის მიერ რამდენიმე განსხვავებული რაკურსით, რომლითაც მტკიცდება რომ გურამ როგავა ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას, არანაირ შემხებლობაში არ იყო საპოლიციო შენაერთებთან და არ მონაწილეობდა არცერთ არასამართლებრივ აქტში.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედება.

ჩვენ არ მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები. სამწუხაროდ ადამიანის, განსაკუთრებით ჟურნალისტური საქმიანობის უფლებებზე მონიტორინგისა და რეაგირების ყველა სახელმწიფო უწყება და არალეგიტიმური რეპრესიული ვერტიკალის ინსტრუმენტებადაა გადაქცეული. მედიის წარმომადგენლებზე ხელისუფლების მიერ წახალისებული და განხორციელებული არცერთი შემთხვევა სათანადოდ არ იქნა გამოძიებული და დამნაშავე სათანადოდ დასჯილი.

მეტიც დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა გამოძიებებმა ცხადყო, რომ სპეციალური სამსახურები თავად იყვნენ ჩართული მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმების ორგანიზებასა და უზრუნველყოფაში. ვითარებას ამძიმებს ის, საპოლიციო შენაერთები ერთმანეთისგან არ განირჩევიან რაიმე ცხადი ნიშნით, მათი როგორც უწყებრივი, ისე პერსონალური იდენტიფიცირება შეუძლებელია.

მივმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მკაცრი რეაგირება მოახდინონ საქართველოში რუსული მოდელის ავტორიტარული სისტემის შემქმნელებისა და მათი უკანონო ბრძანებების შემსრულებელი პირების მოქმედებებზე.

საქართველო თავისუფალი ხალხის ქვეყანაა, სადაც მედია, როგორც თავისუფალი პროფესია ყოველთვის იყო, არის და იქნება სახელმწიფო, პროფესიული, თუ პერსონალური თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში.

ჩვენი დაშინება და შანტაჟი შეუძლებელია. ამ ბრძოლაში ქართული საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა გვაძლიერებს. დარწმუნებული ვართ, ეს ბრძოლა, ბოლო დიდი რისკებით სავსე ძალისხმევა იქნება, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს, შესაბამისად ავტოკრატული, კრიმინალური მმართველობისგან დაცულ ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ვიბრძოლებთ დამნაშავეების პასუხისგებისთვის და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ჩვენს კოლეგას ამ ღირსეული მისიის შესრულებისას მიღებული ტრავმების გამო