ფორმულა: ზარქუას და სანიკიძეს არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება აეკრძალათ

ფორმულა: ზარქუას და სანიკიძეს არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება აეკრძალათ

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძეს, რომლებიც აბუ დაბიში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება აკერძალათ.

ფორმულას წყაროს ცნობით, სასამართლო ე.წ. დეპუტატების საქმეზე ხვალ იმსჯელებს - სწორედ მაშინ გადაწყდება, რა ტიპის სასჯელს დააკისრებენ მათ.

ფორმულას წყაროს თანახმად, ე.წ. დეპუტატების ინტერესებს საელჩო იცავს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რჩება ლაშა გაბიტაშვილიც, რომელსაც ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და მათი თანმხლები პირები თავს დაესხნენ.

13 იანვარს აბუ დაბიში მყოფი ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მანამდე, 12 იანვარს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აბუ დაბიში ჩასულ ოცნების ერთპარტიული და არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატებს "გამყიდველები და მოღალატეები" უწოდა.

კადრებში იყვნენ ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გოჩა ენუქიძე. ასევე, ქართული ოცნების წევრი გელა სამხარაული და განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი.

კადრებში ჩანდა, რომ მოქალაქეს, რომელიც ირაკლი ზარქუას ვიდეოს უღებდა, ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატმა ხელი მოუქნია, შემდეგ კი, ქუჩაში შეხვედრისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.