ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებისა, რეალურია, რომ ახლა რუსეთი განიცდის როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ მარცხს.
ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული. ის ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია ომში გამარჯვება და უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხაარდაჭერის გაძლიერებაზე საუბრობს.
"როგორც ყველა დემოკრატიაში ჩვენს თავისუფლებას თან სდევს რისკები. ყოველთვის იქნებიან ისინი, რომლებიც შეეცდებიან ჩვენი გახსნილობით ისარგებლონ შიგნითაც და გარეთაც. ყოველთვის იქნება მცდელობა გვაიძულონ გზიდან გადახვევა, მაგალითად დეზინფორმაციით და ყველაზე მეტად, ეს უკრაინის საკითხზე იყო. ნება მომეცით, მოგაწოდოთ რეალური ინფორმაცია - რუსეთი ვერ აღწევს სტრატეგიულ ამოცანებს, უპირველესად, ეს არის სამხედრო მარცხი. ის განიცდის ეკონომიკურ მარცხსაც.
რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული, ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ უკრაინას შეუძლია ამ ომში გაიმარჯვოს, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ და ძალა შევმატოთ მათ წინააღმდეგობას. უკრაინელებს სჭირდებათ პროგნოზირებადი დაფინანსება წელსაც და შემდგომ წლებშიც. მათ ასევე სჭირდებათ უწყვეტი მომარაგება იარაღით, რომ დაიცვან ქვეყანა და დაიბრუნონ კანონიერი ტერიტორიები. მათ სჭირდებათ შესაძლებლობები, რომ მომავალში აღკვეთონ რუსეთის თავდასხმები", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც ევროპელი ლიდერები, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იღებს მონაწილეობას. უკრაინის პრეზიდენტი დავოსში დღეს ჩავიდა. მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში იმყოფებოდა, სადაც NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა.