ფინეთი უკრაინას რუსული აქტივებისგან მიღებული შემოსავლით შეიარაღებას მიაწვდის

ფინეთი უკრაინას რუსული აქტივებისგან მიღებული შემოსავლით შეიარაღებას მიაწვდის

ფინეთი უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმის მონაწილე გახდა და კიევს დიდკალიბრიან საბრძოლო მასალას გადასცემს ევროკავშირში გაყინული რუსეთის აქტივების შემოსავლის ხარჯზე.

როგორც ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, ქვეყანას ევროკომისიასთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში 90 მილიონი ევროს ღირებულების შეიარაღების მიწოდება ევალება. ამ თანხით ფინური წარმოების საბრძოლო მასალას შეისყიდიან.

თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰექიანენმა განაცხადა, რომ ამ მოდელით ფინური სამხედრო ინდუსტრია გაძლიერდება და უკრაინაც მხარდაჭერას მიიღებს.

„ეს პროგრამა აერთიანებს უკრაინის მხარდაჭერას და ფინეთის თავდაცვითი წარმოების გაძლიერებას – ჩვენი ინვესტიციები ამ სფეროში გამართლებულია,“ – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე დანიამაც გამოაცხადა უკრაინისთვის 560 მილიონი ევროს ღირებულების გრძელვადიანი დახმარების პაკეტი.