ევროპული საქართველოდან წამოსულმა ჯგუფმა ახალი პარტია ფედერალისტები დააფუძნა. პარტიის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
პარტიის დამფუძნებლების განცხადებით, ფედერალიზმი ევროპული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ბუნებრივი წყობაა.
ღონისძიებაზე თამარ ჩერგოლეიშვილმა ისაუბრა იმაზე, ახალ პარტიას რატომ უდევს საფუძვლად ფედერალიზმის იდეა. მისი თქმით, ფედერალიზმი წარმოქმნის ძალის წონასწორობას და შეკავებას, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, უნარებს, შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება. მან ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიაც გაიხსენა, როდესაც ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
"ტრაგედიებს ვერავინ ვერ აიცილებს, ტრაგედიები ყოველთვის მოხდება, მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი მიეცეს. იმისათვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სიცოცხლის უფლების, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების რეალიზება, ამისთვის თავსმოხვეული, თავსმოხვეული ცენტრალიზებული თავკომბალა სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე. ამას ეფუძნებოდა ჩვენი პრაიმერიზიც, რომელიც ძველ ტიკებში ახალი ღვინის ჩასხმის ეფექტი გამოიწვია", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
რაც შეეხება არჩევნების საკითხს, მისი თქმით, ამაზე პასუხს ისინი სექტემბერში გასცემენ.
"ვიცი, რომ დისკომფორტიც არის თქვენთვის ჩვენ მიერ არჩევნების გამოტოვება, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს საჭირო არ გახდეს", - მიმართა მან დამსწრეებს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გიგა ბოკერიამ თქვა, რომ მისი და მისი თანამოაზრეების პირველი პოლიტიკური ძალა რესპუბლიკურ-ფედერალისტური პარტია იყო. მან ისაუბრა იმ შეცდომებზე, რომელიც ჯერ შევარდნაძის ხელისუფლების დროს და შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლების დროც იქნა დაშვებული.
"მე, ყოველ შემთხვევაში, არ მაქვს და ვფიქრობ, რომ არ გვაქვს უფლება ამ მოკლე ისტორიულ მონაკვეთში, როდესაც ეს შანსი მესამეჯერ გვეძლევა, ამჯერად სრულად არ გამოვიყენოთ და არ ავაშენოთ თავისუფალი, პასუხისმგებელი მოქალაქეების ნებაზე დაფუძნებული სახელმწიფო", - განაცხადა ბოკერიამ.