ფაშინიანმა, ალიევმა და შარლ მიშელმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს

ფაშინიანმა, ალიევმა და შარლ მიშელმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უმასპინძლა. შეხვედრა ორი ქვეყნის შორის ურთიერთობების დარეგულირებას მიეძღვნა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის გზაზე პროგრესზე.

"სიამოვნებით ვმასპინძლობ ფაშინიანსა და ალიევს ბრიუსელში მეხუთე შეხვედრაზე. ლიდერები იზიარებდნენ საერთო მზადყოფნას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის კუთხით. მივესალმები მათ ძალისხმევას. ჩვენ ერთად განვიხილეთ ჩვენი დღის წესრიგის ყველა საკითხი. შეერთებულ შტატებში სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ ბოლოდროინდელი პოზიტიური მოლაპარაკებების შემდეგ, უნდა შენარჩუნდეს იმპულსი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად. საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია მოლაპარაკებების გზით იქნება შეთანხმებული", - თქვა შარლ მიშელმა.

მანამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში - ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობდა.

გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოწოდებები საერთო საზღვრის გასწვრივ ბოლოდროინდელი შეტაკებების სერიის შემდეგ გაძლიერდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში სადავო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს. გასულ თვეში ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზად იყო ეცნო აზერბაიჯანის სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღზე.

***

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი არ შეწყვეტილა.

არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.