ფაშინიანი: სანამ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, ომი მოსალოდნელია

ფაშინიანი: სანამ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, ომი მოსალოდნელია

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სანამ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, არ მოხდება მისი რატიფიცირება ორივე ქვეყნის მიერ, ომი მოსალოდნელია. შესაბამისი განცხადება ფაშინიანმა Agence France-Presse-სთან ინტერვიუში გააკეთა.

"ამას ემატება აზერბაიჯანის მორიგი აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენა, მიმდინარე გეოპოლიტიკური სიტუაცია, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელსაც ველოდით, არ არსებობს. ყოველთვის მოსალოდნელია ახალი ესკალაციები, ახალი ომები, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ეს გარდაუვალად მოხდება. ამავდროულად ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ მოხდება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ფაქტობრივად ყოველდღე ხდება", - განაცხადა ფაშინიანმა.

***

მიმდინარე წლის 22 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვისაც ერევანი მზადაა, მთიან ყარაბაღსაც მოიცავს.

14 მაისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უმასპინძლა. შეხვედრა ორი ქვეყნის შორის ურთიერთობების დარეგულირებას მიეძღვნა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის გზაზე პროგრესზე.

მანამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში - ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობდა.

გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოწოდებები საერთო საზღვრის გასწვრივ ბოლოდროინდელი შეტაკებების სერიის შემდეგ გაძლიერდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში სადავო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს.

***

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი არ შეწყვეტილა.

არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.