ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთის არმიის საშტატო რაოდენობა 170 ათასი ადამიანით გაიზრდება.
განკარგულების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 209 130 ადამიანი იქნება, მათ შორის 1 320 00 - სამხედრო მოსამსახურ იქნება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არმია გაიზრდება იმ მოქალაქეების ხარჯზე, რომლებიც "კონტრაქტით სამხედრო სამსახურის გავლის სურვილს გამოთქვამენ".
"ამ კუთხით არ იგეგმება სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის მნიშვნელოვნად გაზრდა. მობილიზების ჩატარება არ არის გათვალისწინებული", - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არმიის რაოდენობის ზრდას ხსნიან "ქვეყანაზე საფრთხის გაზრდით, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან და NATO-ს მიმდინარე გაფართოებასთან".
"დღევანდელ პირობებში შეიარაღებული ძალების საბრძოლო სიძლიერისა და მოცულობის დამატებითი ზრდა არის ადეკვატური პასუხი ნატოს ბლოკის აგრესიულ საქმიანობაზე" - ნათქვამია განცხადებაში.