პუტინი: ვიცით, დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, გვაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება

პუტინი: ვიცით, დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, გვაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, თუმცა მოსკოვს აინტერესებს ბრძანება ვინ გასცა.

"ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული ჩაიდინეს რადიკალი ისლამისტების ხელით, რომელთა იდეოლოგიასაც თავად ისლამური სამყაროც საუკუნეების განმავლობაში ებრძვის. ჩვენ გვაინტერესებს დამკვეთი... ეს ბოროტება შეიძლება იმ მცდელობების მთელი სერიის დამაკავშირებელი რგოლი იყოს მათი, ვინც ჩვენს ქვეყანას 2014 წლიდან ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით ებრძვის", - თქვა პუტინმა.

მისივე განცხადებით, "ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს ყველა დაარწმუნოს, რომ უკრაინული კვალი ამ დანაშაულში არ არსებობს და ტერაქტის უკან [ISIS] ისლამური სახელმწიფო დგას".

პუტინი ამბობს, რომ აუცილებელია ყველა კითხვაზე პასუხის მიღება, მათ შორის შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის, რომ თავდასხმა ისლამისტებმა განახორციელეს. ასევე, პუტინის თქმით, გასარკვევია, "რატომ ცდილობდნენ თავდამსხმელები უკრაინაში გაქცევას და ვინ ელოდა მათ იქ".

***

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 143 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, დაღუპულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთან, საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, 41 პირის ცხედარია იდენტიფიცირებული.

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ 11 ადამიანი დააკავეს, მათგან ოთხივე უშუალო მონაწილეა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მედვედევის თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი "სათანადოდ გაუმკლავდება".

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე "არაფერი მიუთითებს".

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათ საკუთარი განცხადების რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ.