რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნგრეთის პრემიერმინისტრს ვიქტორ ორბანს აქებს. ეს განცხადება პუტინმა 2023 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ორბანთან ერთად პუტინმა სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერ ფიცოც შეაქო.
პუტინის თქმით, ორბანი და ფიცო გამონაკლისები არიან. ის ირწმუნება, რომ ისინი "არა პრორუსული პოლიტიკოსები, არამედ პრონაციონალურები არიან და საკუთარ ინტერესებს იცავენ".
პუტინის მტკიცებით, დასავლეთში დამოუკიდებელი პოლიტიკოსების ნაკლებობა "დიდ ძმაზე, შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულებების" გამოა გამოწვეული. ამასთან, პუტინი ამბობს, რომ ამჯამად ვერ ხედავს პირობებს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების აღდგენისთვის.
"გამონაკლისია რამდენიმე ლიდერი - ფიცუ, რომელიც ახლა გამოჩინდა, არჩევნების შედეგად და ვიქტორ ორბანია უნგრეთში. ისინი არ არიან პრორუსული პოლიტიკოსები, ისინი პროეროვნულები არიან და საკუთარ ინტერესებს იცავენ. სამწუხაროდ, ასეთები მეტი აღარ არიან. ეს იმის ბრალია, რომ [სხვები] დამოკიდებულები არიან დიდ ძმაზე, შტატებზე, მაგრამ მზად ვართ მათთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის" , - აღნიშნა პუტინმა.
5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.
14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".
სამიტის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. უცნობია შეხვედრის ზუსტი დეტალები, თუმცა საკითხი, სავარაუდოდ, ეხებოდა უნგრეთის პოზიციას უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვასთან დაკავშირებით.
ბოლო ცნობებით, ორბანს საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია. ის ისევ იმეორებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ დაუჭერს. უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანი კვლავ ამტკიცებდა, რომ უკრაინის დაჩქარებული წესით მიღება ევროკავშირში არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ ემსახურება.