რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პირველ განცხადებას ავრცელებს.
Ил-76-ის ჩამოვარდნას რუსეთის პრეზიდენტი კატასტროფიდან მესამე დღეს პეტერბურგში გამოეხმაურა, სადაც სამხედრო მოქმედებებში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.
პუტინმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვერსია გაიმეორა, რომ ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ და აღნიშნა, რომ თვითმფრინავი უკრაინელებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ჩამოაგდეს. რუსეთის საგამოძიებო უწყებამ ერთწუთიანი ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ირწმუნება, რომ თვითმფრინავში უკრაინელი ტყვეების ჩასხდომის პროცესია ასახული.
"ჩვენ ხომ უბრალოდ არ გადაგვყავდა ისინი. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ იცოდა, რომ გადაგვყავდა 65 სამხედრო, სულ კი, მე როგორც ვიცი, დაგეგმილი იყო 190 ადამიანის გაცვლა.
იცოდნენ ეს და მაინც განახორციელეს დარტყმა თვითმფრინავზე, არ ვიცი, სპეციალურად გააკეთეს ეს, თუ შეცდომით, დაუფიქრებლად, მაგრამ აშკარაა, რომ მათი ეს გააკეთეს. ეს ნიშნავს, რომ მათ ან ცუდად ასწავლეს, ან თავად ვერ სწავლობენ, ან ვერ ახერხებენ ასეთი სისტემით სწორად მართვას. რამდენიმე დღეში გვექნება ზუსტი პასუხები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც მოხდა, დანაშაულია", - ამბობს პუტინი.
რუსული მხარე ამტკიცებს, რომ თვითმფრინავში, რომელიც 24 იანვარს, ბელგოროდში ჩამოვარდა, 63 დატყვევებული უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა და ისინი გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე კიდევ 9 ადამიანი - 6 ეკიპაჟის წევრი და 3 თანმხლები რუსი სამხედრო იმყოფებოდა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ ბელგოროდში მართლაც ჩამოაგდეს თვითმფრინავი, მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ მას S-300-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რაკეტები გადაჰქონდა.