პუშკოვი: შესაძლოა, საქართველოში არეულობა იყოს, თუმცა დასავლეთს "რეჟიმის ცვლილება" ჩაეშალა

პუშკოვი: შესაძლოა, საქართველოში არეულობა იყოს, თუმცა დასავლეთს "რეჟიმის ცვლილება" ჩაეშალა

რუსეთის ფედერალური საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

პუშკოვის მტკიცებით, "დასავლეთს საქართველოში რეჟიმის ცვლილება ჩაეშალა". ანტიდასავლურ განცადებაში პუშკოვმა აღნიშნა, რომ "დასავლეთის ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველო თავის ნახევარკოლონიად ექცია".

"შესაძლოა, საქართველოში არეულობა კიდევ იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთს საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით "რეჟიმის ცვლილება", მარტივად რომ ვთქვათ, სრულად ჩაეშალა. ქართულმა ოცნებამ მოიგო, ხმების 54%-ზე მეტი მიიღო - ანუ აბსოლუტური უმრავლესობა. დასავლეთის ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველო თავის ნახევარკოლონიად ექცია და ევროპული ერების მრავალგენდერიან და "არაბინარულ" ოჯახში ბედნიერად შერწყმას შეჰპირდა. თუმცა, ამან ქართველი ამომრჩევლების უმეტესობა რატომღაც არ მიიზიდა", - წერს პუშკოვი Telegram-გვერდზე.

***

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს ამ დროისთვის დათვლილი აქვს უბნების 99,6%, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას ხმების 54% აქვს მიღებული.

ამავე დროს, Edison Research-ის ეგზიტპოლით ქართულ ოცნება 40,9% ჰქონდა, ხოლო პროევროპულ ბარიერგადალახულ ოპოზიციას ჯამურად - 51,9%.

ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ იზიარებენ და მასობრივ გაყალბებაზე მიუთითებენ. სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის შეფასებით, დანაშაულებრივმა ქმედებებმა გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე. მათივე განცხადებით, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებულად დაძაბული ვითარება იყო მარნეულის საარჩევნო ოლქში, სადაც დამკვირვებლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, დაფიქსირდა მარკირების პროცესის დარღვევა, საარჩევნო ყუთებში საარჩევნო კონვერტების ჩაყრა და სხვა დარღვევები.