პროკურატურამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სანდრო წივწივაძეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სანდრო წივწივაძეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულ სანდრო წივწივაძეს ბრალდება წარუდგინა.

განცხადებაში წერია, რომ შსს-ის გამოძიების მიხედვით ბრალდებულმა 2018-2019 წლებში შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები უკანონოდ გაასაღა სხვადასხვა ადამიანებზე. აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი კი სწორედ ჯანგველაძის მკვლელობისას იყო გამოყენებული.

წივწივაძე შსს-მ 24 მაისს დააკავა. მას თავისუფლების აღკვეთა 9 წლამდე ვადით ემუქრება.

***

15 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცი მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მოკლული ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.

მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.