"პროკურატურა ოპოზიციური მედიის თანაშემწე ხომ არ არის", - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია ოპოზიციური პარტიების მიერ ღარიბაშვილის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნას.
გუშინ TV პირველის სიუჟეტში, Georgian Airways-ის დამფუძნებელმა დაადასტურა რომ ღარიბაშვილი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.
"პროკურატურა ოპოზიციური მედიის თანაშემწე ხომ არ არის, კაცო და კარის პროკურორების ამბავი დამთავრებულია. თუ პროკურატურა დაინახავს ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ რაღაც განხორციელებულ აქტივობაში დანაშაულის ნიშნებს, თავისთავად, რა თქმა უნდა, იმოქმედებს. მაგრამ ძალიან გთხოვთ, წაიკითხეთ სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც თეთრი შავზე წერია, რისი უფლება აქვს ამ კომპანიას", - აცხადებს ოდიშარია.
7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.
გუშინ TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.