პრეზიდენტი: ევროპა, აშშ ამბობს, ეს არაა ჩვენი გზა, რუსები ამბობენ, კარგად იქცევით ბიჭებოო

რუსული კანონის მიღებამ ძალიან შეცვალა, სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა იმ დღიდან, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი, ევროპელები თუ ამერიკელები, მთელი დასავლეთი და ყველა ორგანიზაცია, უკლებლივ ყველამ დაგმო ეს კანონი და თქვა, რომ ამას ადგილი არ აქვს ევროპაში და ამ კანონით ვერ მიგიღებთ.

ამაზე ნათელი გზავნილი არ მგონია, რომ საქართველოს ოდესმე მიეღოს. მაგრამ ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა და ეს პროცესი იმთავითვე გადავიდა სხვა განზომილებაში. უკვე ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ ან- ან-ის საკითხი დადგა ჩვენ წინაშე. ან აღვადგენთ იმ ევროპულ გზას, რომელზედაც ვიდექით ისე თუ ასე, ხან ჩქარა, ხან ნელა, მაგრამ ვიდექით, ან ვერ დავაბრუნებთ და მივდივართ სულ სხვა მიმართულებით.

კოლაბორაციონიზმი დაარქვით, თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ეს არის სხვა მიმართულება, რომელიც გვაახლოებს იმ ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც სხვათა შორის, ძალიან აფასებს ყველა განცხადებას და ყველა ნაბიჯს, რომელიც არის მიღებული მმართველი გუნდის მიერ. ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა არანაირად და პირიქით ეწინააღმდეგება და რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო. ნათელი არჩევანი დგას - ეს არის არჩევანი ევროპული გზის გადარჩენის.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ქარტიაზე ხელმომწერი ოპოზიციონერებთან შეხვედრისას.