
ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში აცხადებენ, რომ EU ითვალისწინებს ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას და მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე. ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისის განცხადებას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული ოცნების ქმედებები მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას.
"ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას. ქართული ოცნების რეპრესიების პოლიტიკა მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას.
ამის გამო, ევროკავშირი უკვე იღებს ზომებს: ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებულია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე; ევროკავშირმა შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის 120 მილიონ ევროზე მეტის პირდაპირი დახმარება; ჩვენ შევაჩერეთ 30 მილიონი ევროს მხარდაჭერის ღონისძიება 2024 წლისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით და არ ვგეგმავთ რაიმე სახის მხარდაჭერის ღონისძიებას 2025 წელს;
ევროკავშირი აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას; ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდროდ მონიტორინგს უახლესი საკანონმდებლო ინიციატივების გავლენას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე;
ცოტა ხნის წინ, [ევროპულმა] საბჭომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს. ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ინტერპრესნიუსი ავრცელებს.