პოზნერის ვიზიტის შემდეგ აბაშიძემ რუსეთში დარეკა, აქტივისტებს "ნაცისტები" უწოდა - ჩანაწერი

პოზნერის ვიზიტის შემდეგ აბაშიძემ რუსეთში დარეკა, აქტივისტებს "ნაცისტები" უწოდა - ჩანაწერი

ინტერნეტში ვრცელდება აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის მეორე დღეს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მარკ ზილბერკვიტს ტელეფონზე ურეკავს და მომხდარის გამო წუხს. აუდიჩანაწერებს Cyber Kmara ავრცელებს, თუმცა მათი ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.

ჩანაწერების თანახმად, ზილბერკვიტი ერთ-ერთია, ვინც თბილისში პოზნერის დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული - ზურაბ აბაშიძის თქმით, საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში, რომ საქმეში არასათანადოდ ჩაერია. ის რუსი პროპაგანდისტის საქართველოში ჩამოსვლის გასაპროტესტებლად აქციაზე გამოსულ მოქალაქეებს "ზონდერებს", "პროვოკატორებსა" და "ნაცისტების დაჯგუფებას" უწოდებს. მისი თქმით, ეს ადამიანები "სააკაშვილის მიერ იყვნენ დაფინანსებულები".

"ნაცისტების ჯგუფი იყვნენ ესენი, ასეთი რეაქცია ადამიანის აზრის გამოხატვის გამო, კვერცხების სროლა და მსგავსი... ბარბაროსულია, ეს რამდენიმე ათეული ადამიანია, ყველა სააკაშვილის მიერ დაფინანსებული", - ისმის ჩანაწერებში.

აუდიოჩანაწერების მიხედვით, ზილბერკვიტი აბაშიძეს სთავაზობს, რომ მოგვიანებით დაურეკოს და თავად პოზნერს გაესაუბროს ამ საკითხზე. ჩანაწერების თანახმად, სატელეფონო საუბარი შედგა აბაშიძესა და პოზნერს შორისაც - რუსი პროპაგანდისტი ზურაბ აბაშიძეს ეუბნება, რომ მომხდარზე "არ ღელავს" და მეტიც, თავისი დაბადების დღის აღნიშვნას მოსკოვში, ქართულ რესტორანში აგრძელებს.

"არ იღელვოთ, არაფერია. ჩვენ ახლა მოსკოვში, ქართულ რესტორანში ვსხედვართ, სვამთ ქართულ ღვინოს, ჩვენ გვიყვარს საქართველო და ამ ხალხს ამასთან კავშირი არ აქვთ", - ამბობს ის ჩანაწერების თანახმად.

ჩანაწერების თანახმად, აბაშიძე პოზნერს უხსნის, რომ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ურჩევს მას გაეცნოს, რადგან "იქ ყველაფერი ნათქვამია".

***

ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში 2021 წლის 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ.

ქართველი აქტივისტები პოზნერს საპროტესტო აქციით დახვდნენ. პროტესტი გაიმართა როგორც რუმსთან, ისე ვინოტელთან, სადაც მან თანმხლებ პირებთან ერთად ივახშმა. აქტივისტებმა, პოლიტიკოსებთან ერთად პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. სამოქალაქო პროტესტის გამო პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანი პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს.

აქტივისტები აპროტესტებდნენ არ მხოლოდ პოზნერის საქართველოში შემოშვებას, არამედ ჩამოსული პირების მიერ კომენდანტის საათისა და შეკრების შეზღუდვის დარღვევას.

მომხდარს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეული საპროტესტო აქციების ფორმა "ყოვლად დაუშვებელი" იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოზნერი და მისი თანმხლები პირები კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს. პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ქვეყანა მეორე დღეს დილით დატოვეს.

ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".