პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები.
"ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქვე ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მალგოჟატა კოსიურა-კაზიმერსკა, მინისტრის აპარატის უფროსი ელჟბეტა ბოხენსკა, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი ესწრებოდნენ"- ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მისი ვიზიტი ქვეყანაში 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.