პარტია დროას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გენრი დოლიძემ ფორმულას ეთერში ბათუმში, რუსების კრუიზის საწინააღმდეგო პროტესტის დროს მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა.
დოლიძის თქმით, პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძოდ, "დააწვინეს ქვაფენილით, შედგნენ ფეხებით", რა დროსაც, მისივე თქმით, ადგილზე მივიდა ბათუმის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელმაც ამოიცნო გენრი დოლიძე და როდესაც დარწმუნდა მის ვინაობაში, "დედა შეაგინა და თვალის არეში წიხლი მოარტყა".
"მე დამაკავეს აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში, თუ შეიძლება უწყინარი შეიძლება დავარქვათ იმ მდგომარეობას, როდესაც საოკუპაციო ხაზი შიდა ქართლიდან და აფხაზეთიდან გადმოაქვს რუსეთს ბათუმში, საზღვაო ნავსადგურთან. პოლიციის კორდონი გაიხსნა, გამოვიდა გდდ და აკავებდნენ აფხაზეთიდან დევნილ, აფხაზეთის ომის ვეტერანს, რომელსაც გამოვესარჩლე, ხელები ავწიე და მოვუწოდებდი გდდ-ს, რუსების გამო ნუ დააკავებდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანს. ხალხი ამაზე აღელდა, ხალხმა ის გამოგლიჯა გდდ-ს და შევრჩი მე ხელში. დამიჭირეს და გინება-გინებით შემათრიეს კორდონის შიგნით, დამადეს ხელბორკილები, დამაწვინეს ქვაფენილზე, შემდგნენ ფეხებით, დამაწყვეს თავზე ფეხი. ამ დროს მოვიდა ერთი ადამიანი, ვერ ხედავდა ჩემ სახეს, რადგან თავზე მედო გდდ-ს წარმომადგენლის ფეხი და როდესაც თავი ამიწიეს, დარწმუნდა ჩემს ვინაობაში, ეს იყო ირაკლი დგებუაძე, მან დედა შემაგინა და თვალის არეში მომიქნია წიხლი, მომარტყა, რაც დაადასტურა იზოლატორის ექიმმაც და მალე ექსპერტიზაზე გადამიყვანს გამომძიებელი, რომელიც იძიებს ჩემს მიმართ შესაძლო ძალადობის საქმეს", - განაცხადა გენრი დოლიძემ.
31 ივლისს, პარტია დროაში განაცხადეს, რომ ბათუმში, რუსების კრუიზის პროტესტზე დაკავებისას გენრი დოლიძეს პოლიციამ სცემა. დღეს დროამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გენრი დოლიძემ თავად ამოიცნო ბათუმის სამმართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე, რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა.
შსს-ის ცნობით, გუშინ ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები ბათუმში, საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ.
ბათუმში, მოქალაქეები რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე შეიკრიბნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავურიკრუიზი - ლაინერი Astoria Grande აჭარას გვიან ღამით დატოვებს.
ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.
ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.
მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.