შაბათის ფორმულამ იმ პოლიციელთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე ბრალდების მხარის ოქროს მოწმეა. პროკურატურის ვერსიით, გრიგორიადისმა მარტის აქციების დროს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილის გიორგი მაისურაძის სამსახურებრივი მანქანა დაწვა. ამასთან, თავად პოლიციის მაღალჩინოსანი ჩვენებაში ამტკიცებს, რომ ავტომობილში 10 000 ლარზე მეტი ღირებულების პირადი ნივთები ჰქონდა შენახული - 3 200-ლარიანი Apple Watch (საათი), 980-ლარიანი ლაკოსტას ფირმის ქურთუკი, 1 300-ლარიანი მორესკის ფირმის ფეხსაცმელი, 1 000-ლარიანი მონკლერის ფირმის ქურთუკი, 1 300-ლარიანი სათვალე.
შაბათის ფორმულამ გიორგი მაისურაძის დეკლარაცია შეისწავლა და გაირკვა, რომ საბუთებში პოლიციის მაღალჩინოსანს ქონება და დამატებითი შემოსავალი არ უფიქსირდება. მაისურაძე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ ნივთები სესხით შეიძინა. 13 390 ლარის კრედიტი მაისურაძემ ჯერ კიდევ 2021 წელს, რიგით პოლიციელად მუშობის დროს აიღო.
კითხვას, თუ რატომ ედო ძვირადღირებული ნივთები სამსახურებრივ მანქანაში, მაისურაძემ არ უპასუხა. ძვირადღირებული ნივთების გარდა, როგორც ჩვენებაში წერია, მაისურაძეს მანქანაში თან 110 ევრო, 120 დოლარი და 260 ლარი ჰქონდა. ჩვენების მიხედვით, მისი დანაკარგი საერთო ჯამში 10 000 ლარს აღწევს, თუმცა, ნამდვილად ჰქონდა თუ არა მანქანაში ეს ნივთები და თანხა, ამის მტკიცება რთულია.
გიორგი მაისურაძის ჩვენება კითხვის ნიშნებს აჩენს არა მხოლოდ ძვირადღირებული ნივთების ნაწილში, არამედ უშუალოდ ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების ნაწილშიც. პოლიციელი ამბობს, რომ დაინახა როგორ ესროლეს მის მანქანას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, თუმცა დამნაშავის ამოცნობა არ შეუძლია.
რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილე 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. მას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას და შსს-ს მანქანის დაწვას ედავებიან. ლაზარეს დაკავებიდან შსს-მ მალევე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს ნიღბიანი და ქუდიანი მოქალაქე, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს და გაურკვეველ ნივთებს ისვრის - უწყება ამბობს, რომ ვიდეოში ლაზარე გრიგორიადისია, თუმცა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის იდენტიფიცირება, მათ შორის შსს-ს ვიდეოში შეუძლებელია.
ოჯახი ლაზარეს უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ამ გზით პროდასავლურად განწყობილი ახალგაზრდების დაშინებას ცდილობს.
საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა 27 ივნისს გაიმართება - პროცესი, სავარაუდოდ, პოლიციელების დაკითხვით განახლება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.