"პოლიტიკური დევნა" - ნიკა გვარამიას საქმე სახდეპის ანგარიშში მოხვდა

"პოლიტიკური დევნა" - ნიკა გვარამიას საქმე სახდეპის ანგარიშში მოხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეც მოხვდა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, "სახალხო დამცველის აპარატმა, ადგილობრივმა სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამიას 3-წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს".

სახელმწიფო დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International-ზე დაყრდნობით წერს, რომ გვარამიას პატიმრობამ გამოავლინა "მთავრობის მზარდი გავლენა სასამართლოებზე რიგ საქმეებში, რომლებიც მიზნად ისახავს მათი კრიტიკოსებისა და ოპონენტების დათრგუნვას".

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასეს.

"2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მაისის გადაწყვეტილება. ომბუდსმენის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავიანთ შეფასებებში გამოთქვეს შეშფოთება სხვადასხვა სამართლებრივ ხარვეზებთან დაკავშირებით და ორივე სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელი უწოდეს. სახალხო დამცველი ასევე ამბობდა, რომ "ნიკა გვარამიას საქმეზე გამოავლინეს სამართლიანი სასამართლოს უფლების სხვადასხვა კომპონენტის დარღვევა". ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კომერციულ დირექტორთან მეგობრობის გათვალისწინებით, საქმის განხილვისას არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაადგინეს ინტერესთა კონფლიქტი და დააყენეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილების საკითხი", - ნათქვამია სახდეპის ანგარიშში.

***

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.