ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები კლოდ კერნი და ედით ესტრელა ერთობლივ განცხადებაში საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე, რეფორმების შეფერხებაზე, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ გახშირებულ თავდასხმებზე, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტსა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობენ.
კერნი და ესტრელა საქართველოში 27-29 მარტს იმყოფებოდნენ და განცხადება ვიზიტის შემდეგ გაავრცელეს.
მათი თქმით, საქართველო ახლა "გზაგასაყარზეა". თანამომხსენებლების თქმით, ისინი საქართველოს ყოველთვის უჭერდნენ მხარს და ეხმარებოდნენ ევროინტეგრაციის გზაზე. თანამომხსენებლების თქმით, საქართველოს მოქალაქეები ამას იმსახურებენ და ევროპულ საბჭოში გაერთიანების შემდეგ ქვეყანაში განხორციელებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და კანონის უზენაესობას.
იმავდროულად თანამომხსენებლები გამოხატავენ შეშფოთება იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან მომენტში რეფორმების პროცესი ფერხდება.
„საქართველო არის გზაგასაყარზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ გადალახონ ეს უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, გვერდზე გადადონ და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა დანერგონ 12 რეფორმებისთვის პრიორიტეტული სივრცე, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“ - განაცხადეს მათ.
მათი თქმით, ევროპული საბჭოს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში, ისევე როგორც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მიხედვით მთავარი პრიორიტეტი ქართულ პოლიტიკურ გარემოში "უკიდურესი პოლარიზაციის მოგვარებაა“, რომელიც ეხება საზოგადოების ყველა სფეროს“.
თანამომხსენებლების თქმით, პოლარიზაციის საკითხის მოგვარება როგორც მმართველი ძალის, ასევე ოპოზიციის ნებაზეა სრულად დამოკიდებული მათი ქცევისა და დამოკიდებულებების ცვლილების კუთხით.
ევროპული საბჭოს თანამომხსენებლები გმობენ სამოქალაქო ორგანიზაციების და მათი ხელმძღვანელებზე გახშირებულ თავდასხმებს, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისადმი მათი ერთგულების კითხვისნიშნის ქვეშ დაყენებით, რამაც, მათი თქმით, შესაძლოა ამ ადამიანების ფიზიკურ კეთილდღეობას საფრთხე შეუქმნას.
„აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება როგორიც საქართველოშია, აუცილებელია კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ საბოლოოდ დაგმოს და სადაც საჭიროა გამოიძიოს ეს თავდასხმები, რომელთა მიზანი ამ ორგანიზაციების გაჩუმება და სტიგმატიზაციაა“ - წერია განცხადებაში.
გავრცელებულ განცხადებაში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო რეფორმის გაგრძელების აუცილებლობა, მისი როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მსაჯის არსებობის ხედვით. თანამომხსენბლებმა ასევე ხაზი გაუსხეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის აუცილებლობას რომელიც ამ სისტემაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში კორპორატიულობის, გამჭვირვალობის ნაკლებობის აღმოფხვრის მიზნით, რაც მათი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრის.
განცხადებაში საუბარია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზეც. თანამომხსენებლები აცხადებენ, რომ კანონპროექტში არსებული ე.წ პერსონალური მიდგომა არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ხელისუფლებას მოუწოდებენ კანონპროექტში ამ მიდგომაზე უარი თქვან.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის კონტექსტში. მაშინ როდესაც თანამომხსენებლებმა მაღალი შეფასება მისცეს ხელისუფლების მზაობას, ებრძოლონ გადაჭარბებულ გავლენას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ გამოთქვეს შეშფოთება, რომ რთული იქნება ამ კანონში გაწერილი ე.წ პიროვნული მიდგომის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა. გარდა ამისა თანამომხსენებლების აზრით, პოლიტიკური გარემოს უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში და სასამართლო სისტემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონტროლთან დაკავშირებული კითხვების კონტექსტში, პიროვნულმა მიდგომამ, შესაძლოა, კანონპროექტი დაუცველი გახადოს პოლიტიკური მიზნით ბოროტად გამოყენებისგან, რაც ეწინააღმდეგება ამ კანონის გაცხადებულ მიზნებს. თანამომხსენებლები რეკომენდაციით გამოდიან, რომ ამ კანონპროექტში ხელისუფლებამ უარი თქვას პიროვნულ მიდგომაზე და მხარი დაუჭიროს არსებული მექანიზმების გაძლიერების ე.წ სისტემურ მიდგომას რასაც აშკარად ანიჭებს უპირატესობას ვენეციის კომისია“ - წერია განცხადებაში.
საქართველოში ვიზიტისას თანამომხსენებლები ასევე გაეცნენ მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ სიტუაციას. განცხადებაში ისინი არ საუბრობენ საქმის სამართლებრივ ასპექტებზე, მაგრამ გამოთქვამენ შეშფოთებას მისი ჯანმრთელობის გარშემო ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციის არსებობის გამო.
მათი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის დეპოლიტიზება უნდა მოხდეს და არსებობდეს ნეიტრალური, სანდო ინფორმაცია - ამ კუთხით კი სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
„სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებშია, რომ მისი ჯანმრთელობის დეპოლიტიზება მოხდეს და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლოს ნეიტრალურ, სანდო და საიმედო ინფორმაციას დაეყრდნოს. მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების არსებობა იქნებოდა მნიშვნელოცანი ნაბიჯი ამ მიმართულებით და შესაბამისად მვუწოდებთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, რომ სწრაფად მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს უცხოელ ექიმებზე წვდომას, ვინც მზად არიან სააკაშვილის მკურნალობაში მონაწილეობა მიიღონ“ - წერია განცხადებაში.