პოდოლიაკი: რაც სააკაშვილზე ხდება, ანტიჰუმანისტური ქცევაა, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ

პოდოლიაკი: რაც სააკაშვილზე ხდება, ანტიჰუმანისტური ქცევაა, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების ქცევას ანტიჰუმანისტურსა და რუსეთის სასარგებლოს უწოდებს. მისი თქმით, ამ საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციებს გააგრძელებენ.

"ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, ამის ყურებაც კი შეუძლებელია, ეს არის ანტიჰუმანისტური ქცევა, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. პუტინი გახლავთ მტრული ქვეყნის პრეზიდენტი, ჩვენ გვინდა, იგი დავსვათ მსჯავრდადებულთა სკამზე. მისი პერსონალური ოპონენტის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ჩვენთვის თვალშისაცემია და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა მან [სინქრონული თარგმანი].

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წითელი ხაზი გადაკვეთა - სააკაშვილის გარდა, ის საუბრობს, მათ შორის ფრენების აღდგენასა და "რუსეთის სასარგებლო ქცევებზე".

"რამდენიმე წითელი ხაზი გადაკვეთა საქართველოს ხელისუფლებამ - ეს არის რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლება, ასევე, დემონსტრაციული ქცევა რუსეთის სასარგებლოდ ამა თუ იმ ინიციატივების თვალსაზრისით, რომელსაც ამჟღავნებს თავის მოქალაქეებისადმი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა და აბსოლუტურად გულისამრევი მოქმედება ბატონი სააკაშვილის მიმართ. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი იმ თვალსაზრისით, როგორ გრძნობს თავს ციხეში. მე მესმის, რომ არსებობს იურიდიული პრეტენზიები, მაგრამ დასაბუთება ამ პრეტენზიების საეჭვოა, თუმცაღა მესმის, როგორც გითხარით, მაგრამ ვთვლი, რომ მოქცევა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ უნდა იყოს განსხვავებული, ასეთი დემონსტრაციულად ცინიკური და ასეთი გულისამრევი, რომელსაც დღეს გვანახებს საქართველოს ხელისუფლება.

დაგროვილი პრეტენზიების რაოდენობა საქართველოს ქცევისადმი - რა თქმა უნდა, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ კარგად გვესმის, საქართველოს შეუძლია, მოიქცეს როგორც სურს შიდა და გარე არენაზე, მაგრამ ჩვენთვის ცოტათი უცნაურად ჩანს ეს ყველაფერი, რუსეთის მხარდაჭერა, სოლიდარობაზე უარი ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით, აქ საერთოდ ამოუხსნელია საქართველოს ხელისუფლების ქმედება. ერთი მხრივ, ითხოვს კანდიდატობას ევროკავშირში, რომ თითქოს შეასრულოს ყველა მოსთხოვა და მეორე მხრივ, დემონსტრაციულად უარს ამბობს სანქციური პოლიტიკის მხარდაჭერაზე რუსეთთან დაკავშირებით და ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი", - განაცხადა მან [სინქრონული თარგმანი].

3 ივლისს სააკაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო. ვიდეოკადრებში ჩანდა მისი ფიზიკური მდგომარეობა - გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი.

სასამართლო სხდომიდან გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩანდა, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კვლავ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობით "მანიპულირებს". მისი განცხადებით, სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს სრულად ამ დრომდე არ ასრულებს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ უკრაინის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები "სამწუხარო და მიუღებელია". მისი თქმით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ.

კადრების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს საერთაშორისო მედიებმა. გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზუალურად შეცვლილია, რამაც ბევრში შეშფოთება გამოიწვია. ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ექსპრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა - მან საქართველოს ელჩს შესთავაზა, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს.